კანონი, რომელიც ძირს უთხრის ევროკავშირისკენ სწრაფვას, უნდა გაიწვიოთ — საფრანგეთის ქართველი სტუდენტები

საფრანგეთის ქართველმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, სადაც ნათქვამია, რომ ისინი გმობენ მშვიდობიან მანიფესტანტთა ძალადობრივი გზით დარბევის ფაქტს, რომელიც თბილისში 2024 წლის 30 აპრილს მოხდა.
„ყველა ერთხმად ვაპროტესტებთ მომიტინგეებზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ქალებზე და მამაკაცებზე ძალადობრივ თავდასხმას და სამართალდამცავების მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ წვლილი შეიტანოს სიტუაციის დეესკალაციაში, ასევე პატივი სცეს და დაიცვას თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება. ყოველგვარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმე უნდა იქნას გამოძიებული და დაისაჯოს ყველა დამნაშავედ ცნობილი პირი. ჩვენ ვუერთდებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მოწოდებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება,“ — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პირველ მაისს გავრცელდა.
საფრანგეთის ქართველი სტუდენტები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მტრული გეოპოლიტიკური, მძიმე სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების ფონზე, მნიშვნელოვანია ძალების მობილიზება ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის და „არა საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შელახვისთვის.“
„ნებისმიერი კანონი თუ კანონპროექტი, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვას, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, უნდა იყოს უკან გაწვეული,“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
უკვე მეორე კვირაა, მოქალაქეები რუსულ კანონის მიღების მცდელობას უწყვეტად, ფართომასშტაბიანი აქციებით აპროტესტებენ. ტრადიციულად, შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა, თუმცა 2 მაისს დემონსტრანტები გმირთა მოედანზე გავიდნენ. თავდაპირველად, პოლიცია მათ საავტომობილო გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა.
უფრო მეტიც, გადაკეტვის შემდეგ პოლიციამ ისინი დაშალა და რამდენიმე ადამიანი დააკავა კიდეც. თუმცა, ამის შემდეგ გმირთა მოედანზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავიდა. საბოლოოდ, მთელი მოედანი, ყველა მიმართულებით გადაიკეტა – აქციაზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქცია გამთენიისას დაიშალა.

ასევე დაგაინტერესებთ