კანონი გრანტის მიმღებ ჯგუფებს საქმიანობას არ უზღუდავს, ღირსებას ართმევს და მოღალატის სტატუსს ანიჭებს – ვახუშტი მენაბდე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვადასხვა გრანტის მიმღებ ჯგუფებს საქმიანობას არ უზღუდავს, თუმცა ართმევს ღირსებას და ყველა მათგან ქვეყნის მოღალატის სტატუსს ანიჭებს. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე კონსტიტუციონაოლისტი, ვახუშტი მენაბდე წერს.
„როგორც იურისტს ხშირად მეკითხებიან:
– ბოლოს და ბოლოს რისი კეთების შესაძლებლობას შეუზღუდავს ეს კანონი ერთობებს (ანალიტიკურს, პროფკავშირს, მომსახურების მიმწოდებელს, სახელოვნებო ერთობას, კლუბს და ა.შ.)?
პასუხი მარტივია: არაფრის!
მისი დამტკიცების შემთხვევაში, ყველა ამ ორგანიზაციას შეუძლია გააგრძელოს იმის კეთება, რასაც აქამდე აკეთებდა.
მაშინ, სად არის პრობლემა?
პრობლემა არის და თან უზარმაზარი პრობლემა. ერთობებს შეუძლიათ გააგრძელონ საქმიანობა, მაგრამ ერთი განსხვავებით, ყველა მათგანს საკუთარი ქვეყნის მოღალატე დაერქმევა.
ამგვარად, ეს კანონი არსებობის უფლებას კი არ გვართმევს, არამედ ღირსებას. ღირსებას გვართმევს უკლებლივ ყველას, ვისაც სხვა ადამიანებთან გაერთიანება და საერთოზე ზრუნვა გვსურს.
ეს კი უარესია. არაფერია იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე დამამცირებელი არსებობა. სჯობს ხმის ამოღება აგვიკრძალონ, ვიდრე ჩვენს სიტყვებს საკუთარი ხალხის მოღალატის სიტყვები დაარქვან.
ამიტომ დღეს რიგით ინტერესს კი არ ვიცავთ, არამედ ჩვენს მოქალაქეობრივ ღირსებას, ჩვენი ადამიანობის უფლებას იმას, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო“, – წერს ვახუშტი მენაბდე.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა