კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები – კარპენტერი

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროს დირექტორს მაიკლ კარპენტერის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონზე უარს არ იტყვის, სათანადო შედეგები აუცილებლად დადგება.
ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მაიკლ კარპენტერის თქმით, ეს კანონი ს საგარეო აგენტების კანონის მიმართულებით მიდის და ეს არის ის, რასაც ხშირად იყენებენ ავტოკრატიულ საზოგადოებებში სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შესაზღუდად.
მისი თქმით, საქართველო ამას არ უნდა აკეთებდეს, თუ სურს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა.
„როგორც უკვე აღვნიშნე, დარწმუნებული ვარ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები. საქართველო დგას არჩევანის წინაშე. ის ან წავა დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის მიმართულებით, უზრუნველყოფს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოების შეუფერხებლად მუშაობას ან ის აამოქმედებს ამ კანონს, რომელიც ეფუძნება რუსეთში მოქმედ მსგავს კანონმდებლობას და რომელიც შეუთავსებელია დემოკრატიის იდეასთან. ეს არის ორი მკაფიო არჩევანი.
ასე რომ, მომავალი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. მათი გადასაწყვეტია, კვლავ განაგრძობენ ამ კანონით განსაზღვრულ გზას, თუ დემოკრატიული გზით წავლენ, იმ გზით, რომელზეც მთელი ამ წლების განმავლობაში იდგა და ვუჭერდით მხარს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებით“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.
როგორც მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში არსებობს მრავალი ზომა, რომლის ამოქმედებაც შეუიძლიათ.
„ჩვენ მოგვიწევს იმ მიმართულების შეფასება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული. არსებობს მრავალი ზომა, რომლის ამოქმედებაც შეგვიძლია. რაც ყველაზე მთავარია, ნატოსა და ევროკავშირს მოუწევთ გადაფასება, განაგრძონ თუ არა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელსაც ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო თვეების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონიებს, ისევე როგორც ჩემი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, საქართველოსთან ჩვენი ქვეყნის პარტნიორობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის იდეასთან თანხვედრაში მყოფ ნაბიჯებს გადადგამს. ასე მარტივად არის საქმე“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.
მისივე თქმით, რუსული კანონი ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებამდე მიმავალი კლიმატის ნაწილია.
„ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი ს ჩატარება არის არსებითი საქართველოსთვის. თუმცა, თუ პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას არ ექნებათ საკუთარი ხედვების თავისუფლად წარმოჩენის შესაძლებლობა, თუ მათ შერაცხავენ უცხოური ძალის აგენტებად, ეს შექმნის იმგვარ კლიმატს, რომელიც ხელს შეუშლის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს კანონი ნაწილია ოქტომბრის არჩევნებამდე მიმავალი კლიმატისა, რომელიც, ვიმედოვნებთ, თავისუფალი და სამართლიანი იქნება, რადგან ჩვენ გვსურს დემოკრატიულ გზაზე მიმავალი საქართველო ვიხილოთ“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.
18 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, რუსული კანონი არ ექვემდებარება რაიმე სახის ცვლილებასა და გაუმჯობესებას.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად განაცხადა, რომ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში ისინი დაუწესებენ საქნციებს კანონის მხარდამჭერ პირებსა და მათ ოჯახებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც ძალადობენ კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე.
დასავლელი პარტნიორების განცხადებით, ამ კანონის მიღება საბოლოოდ დახურავს ევროპული მომავლის კარს საქართველოსთვის, რადგან „მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპაში არ არის“.
უკვე რამდენიმე კვირაა, რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები იმართება. მსგავსი კანონი რუსეთის ხელისუფლების ხელში იქცა რეპრესიულ იარაღად, რის შედეგადაც ამჟამად რუსეთიდან გამქრალია დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები, გარდა ამისა, ის გამოიყენება ფიზიკური პირების შესაზღუდად და მათზე ზეწოლისთვის.
ცნობილია, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შემდეგ სასესიო კვირაში გეგმავს. ამის შესახებ 20 მაისს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.