„კანონის მიღების შემდეგ ადამიანები საქართველოში ჩამოსვლისგან თავს იკავებენ და ჯავშნებს აუქმებენ“ – შოთა ბურჯანაძე

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ, გასულ კვირაში ბიზნესმენების ვიცე-პრემიერთან შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ყოფილა და ყოველთვის ხდებოდა პრობლემის მოსაგვარებელ გზებზე თანამშრომლობა, თუმცა დღეს ქვეყანაში არსებული ვითარება არის ის შემთხვევა, როდესაც რეალურად ვერ ხდება იმის იდენტიფიცირება, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემები და რა გზები უნდა დაისახოს.
„დღეს სამწუხაროდ საქართველოში საზოგადოების ნაწილს უჭირს იმის იდენტიფიცირება, თუ ვინ არის მტერი და ვინ მეგობარი და როდესაც პრობლემის სწორად აღქმა არ ხდება, მისი გადაჭრის გზებზე საუბარი აბსურდია. შეხვედრის შინაარსი იყო ის, თუ რა პრობლემებია დღეს ტურიზმის სფეროში და სად არის ჩავარდები და საშიშროება, რომ სეზონი არ ჩავარდეს. ამის პასუხი თვალნათლივ არსებობს.
კანონის მიღების შემდეგ ადამიანები საქართველოში ჩამოსვლისგან თავს იკავებენ და ჯავშნებს აუქმებენ, არც მომავალი ჯავშნები არ ჩანს, ამ პრობლემის ერთადერთი შესაძლებლობა არის ამ კანონზე უარის თქმა და ქვეყნის ჩვეულ კალაპოტში დაბრუნება. ეს ყველაფერი რატომ ხდება არავინ არ იცის, ხომ უნდა გვქონდეს რაღაც მიზანი, თუ რას ემსახურება ეს ნაბიჯები, ამაზე პასუხი ქვეყანას არ აქვს, წარმოუდგენელ აბსურდში ვართ. დღეს ვართ რეალობაში, რომ ხელისუფლებისთვის პრობლემა არ არსებობდა და ძალით შეიქმნა, გამოიგონეს გლობალური ომის პარტია და ებრძვიან ამ გამოგონილ რეალობას.
რა ტურიზმზეა საუბარი და როგორ შეიძლება ჩვენ შევაფასოთ მომავალი, როდესაც გაურკვეველ სიტუაციაში ვართ. სტუმრის მიღება იქნება ეს, თუ მოზიდვა იმ სიტუაციაში, როდესაც ვამბობთ რომ ევროპა არის აგენტი და თან ევროკავშირში გვინდა შესვლა, პარადოქსია“ – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.