„კანდიდატის სტატუსი შეცვლის განწყობებს და ეს არის უმთავრესი, რადგან დღეს მოქმედებს განწყობის ეკონომიკა“ – ლევან კობერიძე

„ვუერთდები მთელი საქართველოს საღი ნაწილის სიხარულს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ ბიზნესკონსულტანტმა ლევან კობერიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება პირველ რიგში ქვეყანაში შეცვლის, გააუმჯობესებს განწყობებს და ეს უმთავრესია, რადგან თანამედროვე მსოფლიოში განწყობის ეკონომიკა მოქმედებს.
„თანამედროვე ეკონომიკა ვისაც ესმის და გარკვეულია ეკონომიკის პროგრესულ თეორიებში, ყველა ვხვდებით, რომ დღეს მსოფლიოში ეკონომიკა მეტწილად არის განწყობებზე. არსებობს ასეთი ტერმინიც – განწყობის ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ იმისდა მიხედვით, თუ როგორია მიზნობრივი ჯგუფების განწყობა, ეს იქნება მოსახლეობა, პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ექსპერტები, ინვესტორები თუ სხვა ჯგუფები, ისე ვითარდება ეკონომიკაც. ამიტომ ყველასთვის მთავარია განწყობა.
ჩვენ გვყავდა გენიოსი ადამიანი, დიმიტრი უზნაძე, რომელმაც ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩამოაყალიბა. განწყობის თეორია ეკონომიკაში გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ და ჩვენ ვერაფრით გავიგეთ რატომღაც რომ ეს მნიშვნელოვანია.
კანდიდატის სტატუსი პირველ რიგში რასაც შეცვლის, ეს იქნება განწყობები, ახალგაზრდების და სპეციალისტების ემიგრანტების, ინვესტორების, პოლიტიკური ფიგურების, მათ შორის ჩვენი მტრებისაც. ისინი დაინახავენ, რომ ჩვენი ქვეყნის ვექტორი თანმიმდევრულად მიემართება ევროპისკენ და ეს არა მარტო ხალხის არჩევანი და სურვილია, არამედ რეალურად მიღწევადი შედეგი.
კანდიდატის სტატუსის მიღებით გამოჩნდა, რომ საქართველოს არავინ ტოვებს ს გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნად, არამედ არის პროგრესული და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი“, – აღნიშნა ლევან კობერიძემ.