„კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის ინვესტორების მხრიდან ნდობა იზრდება“ – ლევან ვეფხვაძე

რა მოლოდინი არსებობს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, როგორია განწყობა ბიზნესში და რა პოზიტიური ნიშნები და დინამიკა იქნება ქვეყანაში კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ – თემაზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა. მისი თქმით ადამიანები, რომლებიც დღეს ბიზნესში არიან, შესაძლოა საკუთარ მომავალს და ბიზნეს აქტივობას სწორედ სტატუსიდან გამომდინარე გეგმავენ.
„მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მაგალითად ბულგარეთი გახდა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, მათი უცხოური ინვესტიციები დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის ინვესტორების მხრიდან ნდობა იზრდება და შესაძლოა ეს მომავალში ინვესტირების მხრივ ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს.
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მაღალი რეიტინგები გვაქვს მონიჭებული, მათ შორის ბიზნესის კეთების კუთხითაც, თუმცა ჯერჯერობით ამის შესაბამის ინვესტიციებს რიცხვებში ვერ ვხედავთ და ამის მთავარი ფაქტორი, ე.წ. პოლიტიკური სტაბილურობის თემაა. სწორედ კანდიდატის სტატუსი ხდება ინვესტორებისთვის ის დამატებით ფაქტორი და შესაძლოა უმთავრესი ფაქტორიც კი, რის შედეგადაც ქვეყანაში ინვესტირების გადაწყვეტილებას იღებენ“ – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
ლევან ვეფხვაძე განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ექსპორტის კუთხით ზრდა აქვს არა მხოლოდ DCFTA – ს გამო, არამედ იმის გამოც, რომ ქვეყანამ წარმოება დაიწყო და ამ კუთხით სახელმწიფო პროგრამებიც ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით თუ ქვეყანამ პროდუქცია ვერ შექმნა, ექსპორტზე ვერ გაიტანს, პროდუქციის შექმნას კი ტექნოლოგიები სჭირდება.
„სწორედ ამ ინვესტიციას მოაქვს ტექნოლოგიები , ხოლო უცხოური ინვესტიციები დაკავშირებულია კანდიდატის სტატუსთან, ექსპორტის ბუმი იწყება არა მხოლოდ იმის გამო, რომ ბაზრები იხსნება, ბაზარი ჩვენთვის ისედაც გახსნილია. ჩვენ გვჭირდება ცოდნა და ტექნოლოგიები, ასევე ფული და კაპიტალი, რომელიც საწარმოებს შექმნის.
რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებისთანავე 15 დეკემბერს ვინმე ჯადოსნურ ჯოხს აიქნევს და ქართული ეკონომიკა გაიზრდება, ამას დრო სჭირდება და ვფიქრობ საშუალო ვადიან პერსპექტივაში ხელშესახები ეკონომიკური ზრდისთვის 3-4 წელია საჭირო.
საბოლოო ჯამში ჩვენ გვჭირდება წარმოების გაზრდა, რისთვისაც საჭიროა ინვენტარი და შემდეგ უნდა გავზარდოთ ექსპორტი ევროპულ ქვეყნებში, ეს ბევრი ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის მასშტაბებით, მასშტაბი რასაც ჩვენ ვქმნით, ევროპული ქვეყნებისთვის ძალიან ცოტაა, ძალიან ბევრ პროდუქტზე ბაზარზე შესასვლელად აუცილებელია მარაგების შექმნა და ეს მარაგები იმხელაა, რომ წარმოების ნაწილში გვიჭირს“ – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
ლევან ვეფხვაძე ასევე აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი დადებითად აისახება საქართველოს რისკის პრემიუმის მაჩვენებელზეც.
„ქვეყნის რისკის პრემიუმი, რომელსაც საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს მიმართ ითხოვენ საკმაოდ მაღალია. ეს არის გამომდინარეობს იქიდან, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის შეფასებით ჩვენ ვართ რისკების მეხუთე კალათაში და ალბათ არასამართლიანად და სწორედ კანდიდატის სტატუსი იქნება ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ჩვენ წავიწიოთ ზემოთ და რისკის ფაქტორი შემცირდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ფინანსების მოზიდვის ნაწილში, ევროპული ინსტიტუტებთან ჩვენ უნდა შეგვიმცირდეს საპროცენტო განაკვეთები.“ – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.