კანდელაკი: “ხატს ჰქვია, წმინდა მატრონა ლოცავს სტალინს” | რატომაა დეზინფორმაცია, მიღებული განმარტებები?

დეზინფორმაციას და რუსული საინფორმაციო ომის ნაწილს უწოდებს “ევროპული საქართველოს” წევრი, გიორგი კანდელაკი იმ ახსნა-განმარტებებს, რომელსაც სასულიერო პირები და “პატრიოტთა ალიანსი” სტალინს გამოსახულებიან ხატთან დაკავშირებით აკეთებენ.
“მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში”კანდელაკი ამბობს, რომ ხატს, რომელიც სამებაში ამ დრომდე კიდია, ეწოდება – “წმინდა მატრონა ლოცავს სტალინს” და შესაბამისად, მასზე საბჭოთა ბელადი ნეგატიურად არ არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, კანდელაკის თქმით, მითი და სიცრუეა მოსაზრება, თითქოს სტალინი როდისმე შეხვედრია რუს წმინდანს:
“სიუჟეტი, რომელიც ამ ხატზეა წარმოჩენილი არის ტყუილი. ამ წმინდანის და სტალინის შეხვედრა არასდროს შემდგარა, არცერთ ისტორიულ წყაროში ეს არ დასტურდება. სრული ზღაპარია, თავად ამბავი არ არსებობს. ეს ამბავი შეთხზა ერთ ერთმა მეზღაპრე რუსმა მღვდელმა 90-იანების დასაწყისში და მიზანი იყო წარმოეჩინათ სტალინი, როგორც ეკლესიის გულშემატკივარი, ფარული ქრისტიანი და ა.შ. ეს არის შეთქმულების თეორია და სიცრუე, რომელიც დან შემოვიდა საქართველოშიც. როცა ისინი გვეუბნებიან, რომ განდიდება არ არის და პოზიტიურად არ არის წარმოჩენილი, გველეშაპიც არის ხატზე გამოსახული და ა.შ. გველეშაპს ჯერ ერთი წმინდა გიორგი კლავს და აქ კლავს სტალინს წმინდა მატრონა? ამ ხატს ჰქვია “წმინდა მატრონა ლოცავს სტალინს”. ეს არის ამ ხატის ოფიციალური სახელწოდება.” ამბობს კანდელაკი.
შეგახსენებთ, სამების საკათედრო ტაძარში, სტალინის გამოსახულებიანი ხატის შესახებ ვიდეოკადრები სწორედ კანდელაკმა გაავრცელა, რასაც “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების განცხადება მოჰყვა. ინაშვილი და თარხან მოურავი ამბობენ, რომ ტაძარს სწორედ მათ შესწირეს. თავად სამებაში კი პრობლემას ვერ ხედავენ საბჭოთა რეპრესიების მთავარი შემოქმედის გამოსახულებიან “ხატში” და ამბობენ, რომ ის პოზიტიურ კონტექსტში არაა გამოსახული.
იხილეთ:
· გამოსახულია როგორც ტირანი, რომელმაც თავი დაიმდაბლა და აზრი ჰკითხა წმინდანს | სამების არქიმანდრიტი სტალინზე