„ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ-ში, შესაძლოა, ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი შეიქმნას. როგორც სააგენტო წერს, დონალდ ტრამპის მიერ კანადურ ხე-ტყეზე ტარიფების შემოღების შემდეგ ამერიკელები, შესაძლოა, ტუალეტის ქაღალდის წარმოების პრობლემებს წააწყდნენ.
სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შემოღებულმა ტარიფებმა, შესაძლოა, დაარღვიოს ტუალეტის ქაღალდისა და ქაღალდის პირსახოცების მიწოდების ჯაჭვი, რომლებიც მზადდება NBSK-გან – ცელულოზის განსაკუთრებული ტიპისგან, რომელსაც კანადაში აწარმოებენ.
ტრამპის ადმინისტრაცია კანადურ წიწვოვან ხე-ტყეზე ტარიფების გაორმაგებას გეგმავს 27%-მდე, ხოლო დამატებითმა მოსაკრებლებმა, შეიძლება, განაკვეთი 50%-ზე მეტადაც კი გაზარდოს.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, სტანდარტული ამერიკული ტუალეტის ქაღალდის მოცულობის დაახლოებით 30% და ქაღალდის პირსახოცების ნახევარი მზადდება წიწვოვანი ჯიშების ცელულოზის განსაკუთრებული ჯიშისგან (NBSK), რომელიც ძირითადად კანადაში იწარმოება.
საკონსულტაციო კომპანიის, TTOBMA-ს თავმჯდომარის, ბრაიან მაკკლეის თქმით, 2024 წელს აშშ-მა დაახლოებით ორი მილიონი ტონა კანადური NBSK შემოიტანა, რაც ხაზს უსვამს ამერიკელების დამოკიდებულებას ამ ტიპის ნედლეულზე.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-მა შემოიღო 25-პროცენტიანი ტარიფები მექსიკიდან და კანადიდან საქონლის იმპორტზე, ასევე დააწესა ახალი გადასახადები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე. ამ სახელმწიფოების გარდა, შტატებმა დააწესა გადასახადები ევროკავშირიდან საქონელზე და ფოლადის, ალუმინისა და ავტომობილების მთელ იმპორტზე.
