კანადის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ლიდერობს მმართველი ლიბერალური პარტია, თუმცა ჯერჯერობით არ აქვს უმრავლესობის ფორმირებისთვის საკმარისი მანდატები.
28 აპრილს ჩატარებული კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის ლიბერალურ პარტიას 168 მანდატი აქვს.
144 მანდატი აქვს კონსერვატიულ პარტიას, რომელიც 2015 წლიდან ოპოზიციაშია.
წინასწარი შედეგებით, 23 მანდატი მოიპოვა „კვებეკის ბლოკმა“, რომელიც კვებეკის პროვინციის დამოუკიდებლობას მოითხოვს. 7 მანდატი აქვს ახალ დემოკრატიულ პარტიას.
კანადის 343-ადგილიან თემთა პალატაში უმრავლესობის ფორმირებისთვის მინიმუმ 172 მანდატია საჭირო.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მმართველ ლიბერალურ პარტიას და ქვეყნის მთავრობას მარტიდან სათავეში ჩაუდგა მარკ კარნი. მან შეცვალა ჯასტინ ტრუდო, რომელმაც თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა პირადად მისი და ლიბერალების უკიდურესად დაბალი რეიტინგის ფონზე.
კანადელების განწყობა შეიცვალა აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ კანადა აშშ-ის შემადგენლობაში უნდა იყოს, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ კი კანადისთვის საბაჟო ტარიფების დაწესება გადაწყვიტა.
კანადის სამაუწყებლო კორპორაცია CBC-ის ინფორმაციით, თუ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს, კანადელი კონსერვატორების რეიტინგი 44,8% იყო, ხოლო ლიბერალების – 21,9%, მარტში მათი მხარდაჭერის მაჩვენებელი გათანაბრდა და 37%-ს შეადგენდა.
მარკ კარნი, რომელმაც კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მარტში დაიკავა, მოქალაქეებს დაჰპირდა ვაშინგტონის ეკონომიკური პოლიტიკისა და ანექსიის საფრთხისთვის მტკიცე წინააღმდეგობის გაწევას.
ფორუმი
