1 თებერვალს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი გადასახადის დაწესებაზე. ახალი ნორმა ძალაში 4 თებერვალს შევა. აღნიშნული გადაწყვეტილების საპასუხოდ კანადა შესაბამის ზომებს მიიღებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, კანადა სამშაბათიდან მთელ რიგ ამერიკულ საქონელზე 25%-იან ტარიფებს დააწესებს.
,,კანადის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები საფრთხეში დააყენებს თქვენს სამუშაო ადგილებს. ისინი გაზრდის თქვენს ხარჯებს, მათ შორის საკვები პროდუქტების ღირებულებას მაღაზიებში და ბენზინის ღირებულებას გასამართ სადგურებში.” – განუცხადა ტრიუდომ ამერიკელებს ოტავაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, 30 მილიარდი კანადური დოლარის (20,6 მილიარდი აშშ. დოლარი) ღირებულების ამერიკულ საქონელზე ახალი ტარიფები 4 თებერვალს ამოქმედდება. 21 დღეში კი ახალი ტარიფი 125 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების პროდუქტზე.
ტრიუდომ დასძინა, რომ ტარიფებს ექნება “შორსმიმავალი გავლენა და ვრცელდება ყოველდღიურ პროდუქტებზე”, როგორიცაა ალკოჰოლი, ხილი, ბოსტნეული, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
ტრიუდომ განცხადება დონალდ ტრამპის მიერ ახალი ტარიფების შემოღების შესახებ ბრძანებაზე ხელმოწერიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ბრძანების მიხედვით, კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი გადასახადი დაწესდა. გარდა ამისა, აშშ აწესებს 10%-იან ტარიფს კანადიდან ყველა იმპორტირებულ ენერგიაზე.