კანადაში გადაიღეს უცნაური ფენომენი, რომელიც შეიძლება სფერული ელვა იყოს

ჭექა-ქუხილის დროს, კანადელმა წყვილმა ამინდის იშვიათი ფენომენი გადაიღო.
ედ და მელინდა პერდიებმა საკუთარი აივნიდან დაინახეს, როგორ დაეცა მეხი მიწაზე მათი სახლიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე.
მეხის დაცემის შემდეგ, მიწაზე გადაადგილება დაიწყო ლურჯი სინათლის კაშკაშა ბურთმა. წყვილმა ამის ამსახველი 23-წამიანი ვიდეო გადაიღო.
კანადური CTV News-ის ცნობით, უცნაური სფეროს დიამეტრი ერთიდან ორ მეტრამდე იყო, მიწაზე დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში გადაადგილდებოდა და ბოლოს გასკდა.
ედ პერდის აზრით, ეს იყო სფერული ელვის იშვიათი სანახაობა — ამინდის ჰიპოთეტური ფენომენი, რომელსაც უკვე საუკუნეებია, ათასობით თვითმხილველი აღწერს. ზოგიერთის მონათხრობით კი, ფანჯრიდან აქვთ დანახული, როგორ დაქროდნენ ჰაერში მანათობელი ბურთები.
მიუხედავად ამდენი მონათხრობისა, არ არსებობს ამ მოვლენის სამეცნიერო ახსნა. აღწერილი სფეროების ზომა, ფერი და ქცევა საკმაოდ სხვადასხვანაირია და შესაბამისად, რთულია დადასტურება, წარმოადგენს თუ არა ყველა ეს ამბავი ერთსა და იმავე ფიზიკურ მოვლენას.
ბოლო ათწლეულებში, მეცნიერებმა ლაბორატორიაში სცადეს პლაზმის ბურთების მოდელების შემუშავება, რათა დაედგინათ როგორ შეიძლება გადაადგილდებოდნენ და ამდენ ხანს ძლებდნენ სინათლის სფეროები. თუმცა, მათი შემთხვევითი და იშვიათი ბუნებიდან გამომდინარე, რეალური სამყაროს ნიმუშების შესწავლა გაცილებით რთულია.
2014 წელს ჩინელ მეცნიერებს გაუმართლათ. გადაიღეს მოვლენა, რომელიც მათი მტკიცებით, სფერული ელვის პირველი ვიდეოა მსოფლიოში; მოვლენა მათ შემთხვევით ასახეს. შემდეგი ანალიზებით დაადგინეს, რომ სფერული ელვა შედგებოდა მიწის ციცქნა ნაწილებისგან, რომლებიც შეიძლება მეხის დაცემის შედეგად აორთქლდა მიწიდან და ნათება დაიწყო.
ვრცლად პირველ არხზე