კანადას აქვს სერიოზული ინტერესი, რომ საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებში იფრინოს, თუმცა პოლიტიკური კურსის ცვლილების გარეშე, ჩვენი აეროპორტები ყოველგვარ აზრს კარგავს – იასე ზაუტაშვილი
,,ქართული ოცნების“ ინიციატივით, თბილისთან ახლოს, ვაზიანში, ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება.
საქართველოს მთავრობასა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ TAV Georgia-სთან არსებული ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის გარშემო, კერძოდ, აეროპორტის 200 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ამჟამად შეზღუდულია. აღნიშნული ხელშეკრულება 2027 წლამდეა მოქმედი. ვაზიანის აეროპორტი კი მგზავრებს 2028 წლიდან მოემსახურება.
ავიაციის ექსპერტის იასე ზაუტაშვილის შეფასებით, არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანაში ნებისმიერი საერთაშორისო პროექტი აზრს კარგავს. ზაუტაშვილი ახალი აეროპორტის იდეას მიესალმება, თუმცა „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ რეგიონალური ცენტრის შექმნას და მზარდ ტურიზმზე მორგებულ ტერმინალებს მხოლოდ მაშინ ექნება გამართლება, თუ საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას დაუბრუნდება.
„ნებისმიერი ტიპის საერთაშორისო აეროპორტზე და მგზავრთა ნაკადის გაზრდაზე, რა საკვირველია, იმ იმედით ვსაუბრობ, რომ დღევანდელი მდგომარეობა და სტატუს-კვო შეიცვლება. თუ ასე გაგრძელდა, ის 7 მილიონი მგზავრიც და ევროპული მიმართულებებიც უნდა დავივიწყოთ. თუ ჩვენ ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობა შევაჩერეთ, ევროპული რეისების და რეიონალური ჰაბის თემა საერთოდ უნდა დავივიწყოთ. ვის რაში სჭირდება ახალი, თანამედროვე აეროპორტი ან მილიონობით მგზავრის მომსახურება, თუ ევროკავშირთან მდგრადი ურთიერთკავშირი არ იქნება.
ჩვენი ქვეყნით სამომავლოდ საერთაშორისო კომპანიები უნდა დაინტერესდნენ, მაგალითად სამხრეთ კორეიდან ველოდებით ტურისტებს. კანადას აქვს სერიოზული ინტერესი, რომ საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებში იფრინოს, აშშ-სთან პირდაპირი რეისებზე გვინდა მოლაპარაკება, ამიტომაც, თუ ჩვენთან თვისებრივი პოლიტიკური ცვლილება არ მოხდა და არ დაკმაყოფილდა ევროინტეგრაციის პროცესის აღდგენა ყოველგვარ ინვესტიციას აზრი ეკარგება. არც ფრანგი ჩამოვა საქართველოში, არც ლატვიელი და არც არაბი მათ შორის, რადგან ყველა ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. „კატარი“, „თურქიში“ და სხვა მსხვილი ავიაკომპანიები რუსეთის ბაზრიდან გასვლას აპირებს, რადგან ხედავენ, რომ დღეს პერსპექტივა იმ ქვეყნებშია, სადაც ჯეროვანი ყურადღება ექცევა საჰაერო უსაფრთხოებას, სტანდარტებს, რეგულაციებს და მგზავრის კეთილსინდისიერ მომსახურებას, რაც ჩვენ ჩრდილოელ მეზობელთან აბსოლუტურად მეორეხარისხოვნად არის გადაქცეული. პოლიტიკური კურსის ცვლილების გარეშე ჩვენი აეროპორტები ყოველგვარ აზრს კარგავს“,- აღნიშნა იასე ზაუტაშვილმა.