კამჩატკის რეგიონში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ვულკანმა კლიუჩევსკაია-სობკამ ამოფრქვევა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ცხელი ლავა დასავლეთ ფერდობზე მიედინება. ვულკანის ზემოთ ძლიერი ნათება ჩანს და აფეთქებების ხმა ისმის. კამჩატკას სანაპიროსთან მომხდარი მიწისძვრა ყველაზე ძლიერი იყო მთელი დაკვირვების პერიოდში, რომლის მაგნიტუდამ 8.8-ს მიაღწია.
ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის დეპარტამენტმა რეგიონში ოთხ მეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღა დაადასტურა. დაიტბორა ქალაქი სევერო-კურილსკი და ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
როგორც მედია წერს, ერთი თვის განმავლობაში შესაძლებელია შემდგომი ბიძგები, მათ შორის 7.5 მაგნიტუდამდე.
რუსეთის მთავრობამ კამჩატკის ნახევარკუნძულზე ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გააუქმა. ცუნამის შესახებ ყველა გაფრთხილება გააუქმა იაპონიამაც, თუმცა ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე საკონტროლო ზომები ძალაში რჩება. ცუნამის გაფრთხილება კვლავ ძალაშია კალიფორნიის ჩრდილოეთ სანაპირო ზოლის მცირე ნაწილზე.
