კამჩატკის ნახევარკუნძული დღეს (ვიდეო)

კამჩატკის ნახევარკუნძული ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დიდთოვლობას ებრძვის.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახურის ცნობით, პეტროპავლოვსკ-კამჩატკიში თოვლის საფარმა ზოგ ადგილას სამსართულიანი სახლების სიმაღლეს მიაღწია, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები და პირველი სართულების ფანჯრები მთლიანად ჩაიხერგა.

ქალაქში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 16 იანვარს სახურავებიდან ჩამოშლილი თოვლის მასების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიამ ქალაქის ინფრასტრუქტურის პარალიზება გამოიწვია, ხოლო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები ვერ აღწევდნენ რთულად მისადგომ უბნებში, რის გამოც ერთ-ერთი დაზარალებული დაგვიანებული დახმარების გამო გარდაიცვალა.

ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ როგორც სინოპტიკოსების პროგნოზების უზუსტობის, ისე საგანგებო სამსახურების არაეფექტური მუშაობის გამო. მათი თქმით, გაფრთხილებები სტიქიის რეალურ მასშტაბს არ შეესაბამებოდა, ხოლო მაშველებისა და ტექნიკის რესურსი აშკარად არასაკმარისი აღმოჩნდა მთელი ქალაქისთვის.

“13 იანვრისთვის ველოდით, რომ რამდენიმე საათი სახლში მოგვიწევდა ყოფნა და, ალბათ, სამუშაოს გაცდენა. სპეციალურად პროდუქტებიც არ დაგვიგროვებია, ჩვეულებრივი მარაგი გვქონდა ორი-სამი დღისთვის. შედეგად კი უკვე მეხუთე დღეა გარეთ ვერ გავდივართ,” – ამბობს ერთ-ერთი ადგლობრივი რადიო თავისუფლების რუსულენოვან სამსახურთან საუბრისას.

მიუხედავად იმისა, რომ 16 იანვრიდან ციკლონმა უკან დახევა დაიწყო, ქალაქის დიდი ნაწილი კვლავ ჩაკეტილია. ხელისუფლება ძირითადად მხოლოდ მაგისტრალურ გზებს წმენდს, ხოლო შორეულ მიკრორაიონებში მცხოვრები მოსახლეობა ფაქტობრივად თვითგადარჩენის რეჟიმშია.

ასევე დაგაინტერესებთ