დღეს, 30 ივლისს უძლიერესი მიწისძვრა მოხდა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის მხარეში. გეოფიზიკური სამსახურის ადგილობრივი ფილიალის თანახმად, სხვადასხვა მონაცემით 8,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი კამჩატკის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 149 კილომეტრში, 17 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
კამჩატკის მხარის ჯანდაცვის მინისტრმა ოლეგ მელნიკოვმა სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მას კონკრეტული რიცხვი არ უთქვამს. სააგენტო „ინტერფაქსი“ კამჩატკის საგანგებო სიტუაციების მინისტრ სერგეი ლებედევზე დაყრდნობით წერს, რომ ნაწილობრივ დანგრეულია საბავშვო ბაღის შენობა, სადაც მიწისძვრის დროს არავინ იმყოფებოდა.
კამჩატკის ნახევარკუნძულს წყნარ ოკეანესთან ოხოტის და ბერინგის ზღვები აკავშირებს. უძლიერესმა მიწისძვრამ კამჩატკის სანაპირო რაიონებში ცუნამი გამოიწვია. ზოგიერთ რაიონში დაფიქსირებულია 4-მეტრიანი ტალღები. მიწისძვრის შემდეგ სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ცუნამის საფრთხის გამო ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.
ცუნამის საფრთხე გამოცხადდა იაპონიაში, ჰავაის კუნძულებზე, ალიასკაზე და ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი ოკეანის მთელ სანაპიროზე.
ფორუმი
