პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ეროვნული ნაკრების მიერ ივანიშვილისთვის გადახდილმა მადლობამ “ნაცობის” ნამდვილი არსი “გააშიშვლა”. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“ნაციონალური მოძრაობის მიმდევართა კამპანიამ, რომელიც ჩვენთვის საამაყო ფეხბურთელების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილ გულწრფელ მადლობას მოჰყვა, კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ნაცობის“ ნამდვილი არსი. ფეხბურთში წარმატების ეიფორიამ გარეთ გამოიტანა ყველა ის დამალული თვისება, რომლების დაფარვასაც ასე გულმოდგინედ ცდილობენ ნაციონალები, მაგრამ ემოციურ მომენტებში მაინც ვლინდება და ყველასთვის აშკარად ხდება”. – წერს პაპუაშვილი
პაპუაშვილის თქმით, “ნაცებმა” ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მოღალატეებად შერაცხეს, რადგან მათი სულისკვეთება არ გაიზიარეს.
“ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს „მოღალატეებად” იქცნენ – მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცების სულისკვეთება არ გაიზიარეს”. – წერს პაპუაშვილი.
პაპუაშვილი წერს, რომ “ნაცების” ქცევა პარტიულ დავალებას სცდება და იდეოლოგიის ნაწილია, რომლითაც მათ საზოგადოების სოციალური ქსოვილის მოშლა სურთ.
“ეს არ არის ერთეული, ნორმას აცდენილი ქცევა. არც მხოლოდ პარტიული დავალებაა. ეს იდეოლოგიაა, რომელსაც წლებია ნერგავენ „დასავლეთის“ და „ევროპის“ სახელით. მიზანი მარტივია – საზოგადოების სოციალური ქსოვილის მოშლა, დეგრადირება”. – წერს პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ “ნაცები” საუკუნის წინ “გარედან იმპლანტირებულ ბოლშევიკებს” შეადარა.
“საქართველოსთვის ამაში ახალი არაფერია. საუკუნის წინ, ასევე გარედან იმპლანტირებული ბოლშევიკებიც ზუსტად ამას ცდილობდნენ. ამიტომ, ჯერ ჩარეცხეს და შემდეგ გაანადგურეს ინტელექტუალური ელიტა, ამიტომ ებრძოდნენ ეკლესიას, ამიტომ იყო მათი დედაქალაქი სხვაგან და არა საქართველოში”. – წერს პაპუაშვილი.
პაპუაშვილის თქმით, 26 ოქტომრბის არჩევნები ქვეყნის ღირებულებებისა და იდეოლოგიის შესახებ “რეფერენდუმი” იქნება.
“ამიტომ არის 26 ოქტომბრის არჩევნები იმაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ და რა არის საქართველო”. – წერს პაპუაშვილი.