„კამეჩის რძეს საქართველოში სათანადო ყურადღება არ ექცევა“

„კამეჩის რძეს საქართველოში სათანადო ყურადღება არ ექცევა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს“, – კამეჩის პროდუქციის წარმოების სირთულეებზე „ბიზნესპრესნიუსთან“ კამეჩების ასოციაციის დამფუძნებელმა გიული გოგოლიმ ისაუბრა.
მისივე თქმით, ნაკლები ყურადღება ექცევა კამეჩის ფერმებს სახელწმფოს მხრიდან, რაც კიდევ უფრო გაართულა ახალი მიწების ათვისების საკითხმა. კამეჩისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია წყლიანი და უხვბალახიანი ადგილები.
„შესაბამისად, ახალი მიწების ათვისების პროგრამამ, იგივე კოლხეთის ჭაობის დაშრობის პრობლემამ და დარგის სირთულემ გარკვეულწილად გავლენა იქონია კამეჩის რიცხოვნობაზე. მომხმარებლების მხრიდანაც კი ნაკლები ყურადღებაა კამეჩის პროდუქტებზე, არადა რძე და მისგან წარმოებული მაწონი და ყველი წარმოუდგენლად სასარგებლოა, ასევე ყველასთვის ცნობილი „მოცარელა“, რომლის წარმოებით იტალია ყოველწლიურად ამერიკაში 90 მლნ დოლარის ყველს ყიდის“, – განაცხადა გიული გოგოლიმ.
მისი თქმით, კიდევ ერთი პრობლემა, რაც დარგის განვითარებას უშლის ხელს, არის ის, რომ საქართველოში მხოლოდ კამეჩის სანაშენე იბეგრება.
„რთული საკითხია ისიც, რომ ნებისმიერი სახეობის სანაშენე პირუტყვის შემოყვანის შემთხვევაში მოხნილია საბაჟო გადასახადი, კამეჩის სანაშენე კი იბეგრება. არადა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში (სადაც გავრცელებულია) კამეჩი განიხილება ძროხის ტოლფას პირუტყვად და ის შეღავათები თუ ნორმები, რაც ვრცელდება ძროხაზე, ვრცელდება კამეჩზეც“, – აცხადებს ის.
მისი თქმით, პროდუქციის შესახებ საქართველოში ცნობიერება დაბალია და კამეჩის რძესა და სხვა ნაწარმზე მოთხოვნა ძირითადად ტურისტებისგან მოდის.
„ჩვენთან არსებობს მცდარი შეხედულება კამეჩის ხორცსა და რძეზე, თითქოს ფეხმძიმე ქალებისთვის არ შეიძლება მისი მიღება, ამიტომ ბევრი საერთოდ უარს ამბობს მის მიღებაზე. კამეჩის პროდუქცია უფრო მოთხოვნადი ტურისტებშია,“ – განაცხადა მან.
ასოციაციის დირექტორის თქმით, კამეჩისგან რძის მიღება სირთულეს იმითაც წარმოადგენს, რომ ამ ჭაობისმოყვარულ ცხოველთან, რომელსაც ჭაობში წოლა უყვარს, ჰიგიენური ნორმების დაცვა საკმაო სირთულეს წარმოადგენს.
როგორც ის აღნიშნავს, კამეჩი საკმაოდ ცოტას იწველება, ამიტომ მისი პროდუქცია საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.
რაც შეეხება სტატისტიკას, გიული გოგოლის ცნობით, 1913 წლის აღწერით საქართველოში 153 ათასი სული კამეჩი იყო, 2014 წლის მონაცემებით კი ეს რიცხვი 18 ათასამდეა შემცირებული. საქართველოში კავკასიური კამეჩია მოშენებული, ხოლო განსაკუთრებით პროდუქტიულია დასავლეთ საქართველოში მოშენებული კამეჩი.
წყარო: bpn.ge