კამერონი: ვეტოს დაძლევით საქართველოს ხელისუფლებამ თავისი მისწრაფებისგან გადაუხვია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება საქართველოს მმართველი გუნდის მიერ “აგენტების კანონის” მიღებას. კამერონი წერს, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით საქართველოს მთავრობამ გადაუხვია ევროატლანტიკური მისწრაფების გზიდან.
“ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა: მისი მომავალი ევროატლანტიკურ თანამეგობრობაშია. პრეზიდენტ ს ვეტოს დაძლევითა და უცხოური გავლენის შესახებ კანონის დამტკიცებით, საქართველოს მთავრობამ გადაუხვია თავის მისწრაფებისგან. დიდი ბრიტანეთი ქართველ ხალხთან დგას”, – წერია კამერონის პოსტში.
სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია “აგენტების კანონზე” პრეზიდენტის ვეტო და მიიღო კანონი.
ცნობილია, რომ კანონს, რომელიც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული, ხელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.