გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ კამერონისა და გერმანელი კოლეგის ანალენა ბერბოკის თქმით, ღაზის სექტორში “მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გადაუდებელი საჭიროება” არსებობს, თუმცა ისინი განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ მოწოდებებს არასწორად მიიჩნევენ.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გამოქვეყნებულ საერთო განცხადებაში წერია, რომ “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მდგრად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე გზა გავკვალოთ, რასაც მდგრადი მშვიდობა მოჰყვება”.
“მაგრამ მკაფიოები რომ ვიყოთ”, წერენ კამერონი და ბერბოკი, “არ გვჯერა, რომ სწორი გზა ამ ეტაპზე საყოველთაო და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ მოწოდებაა, იმ იმედით, რომ იგი როგორმე სამუდამო გახდება”.
ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, მსგავსი მოწოდებები უგულებელყოფს იმას, თუ რატომ არის იძულებული ისრაელი თავი დაიცვას.
“ჰამასი ბარბაროსულად დაესხა თავს ისრაელს და ისრაელის მოქალაქეების მოსაკლავად ყოველ დღე ისვრის რაკეტებს. ჰამასმა უნდა დაყაროს იარაღი”. – წერია განცხადებაში.
ბერბოკისა და კამერონის თქმით, ისრაელზე ზეწოლით, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდოს, ჰამასი სარაკეტო იერიშებს არ შეწყვეტს, ხოლო ღაზის სექტორში ჰამასის ძალაუფლებაში დარჩენა საკითხის “ორი სახელმწიფოს პრინციპით” გადაჭრის გზაზე “სამუდამო წინაღობა” იქნება.
ამასთანავე, განცხადებაში გერმანიისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თანხმდებიან, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აქვს. ასევე, ისინი ხაზს უსვამენ პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აუცილებლობას.