კალიფორნიელმა კანონმდებლებმა 6 თებერვალს წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, 21 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებს პროფესიონალური მეთვალყურეობის ქვეშ, თერაპიისთვის ფსიქოდელიური სოკოების მიღება შეეძლებათ. კანონპროექტი შტატში მენტალური ჯანმრთელობისა და ნარკოტიკების მოხმარების კრიზისთან გამკლავებას ისახავს მიზნად.
ახალი ინიციატივა მას შემდეგ წარადგინეს, რაც გასულ წელს კალიფორნიის დემოკრატმა გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა მცენარეული ჰალუცინოგენების ფლობისა და პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ასევე დემოკრატი კანონმდებლის, სკოტ ვინერის ინიცირებული იყო, ვეტო დაადო. ვეტოსთან დაკავშირებულ შეტყობინებაში ნიუსონმა, რომელიც 2016 წელს კანაფის ლეგალიზაციას ემხრობოდა, კანონმდებლებს მოუწოდა, თერაპიასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე მეტი ემუშავათ.
ახალი კანონპროექტი სკოტ ვინერმა რესპუბლიკელ მარი უოლდრონთან ერთად წარადგინა და ის ლიცენზირებული თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ ფსიქოაქტიური ნივთიერება ფსილოსიბინის შემცველი ფსიქოდელიური სოკოს (ე.წ. მაგიური სოკოს) მიღების დაშვებას ითვალისწინებს. კანონპროექტი ასევე მოიცავს დიმეთილტრიპტამინთან (DMT), MDMA-სა და მესკალინთან დაკავშირებულ რეგულაციებს.
“ჩვენ ვიცით, რომ კალიფორნიელები ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ებრძვიან და ვიცით, რომ ფსიქოდელიური საშუალებები, განსაკუთრებით თერაპიულ მხარდაჭერასთან ერთად, შეიძლება იყოს ძლიერი ინსტრუმენტი, რაც ადამიანებს ჯანმრთელობის აღდგენაში დაეხმარება”. – თქვა ვინერმა 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, კალიფორნიაში უკვე მოქმედებს მიწისქვეშა თერაპევტების “მასიური ქსელი”, სადაც პაციენტებს ფსიქოდელიური სოკოებით მკურნალობენ და კანონპროექტი, ახალი სახელმწიფო სალიცენზიო საბჭოს მეშვეობით, მათ “მიწის ზემოთ ამოიყვანს”.
ვალდრონმა, რომელმაც ფსიქოდელიური სოკოებით თერაპიის საკვლევად სხვა კანონპროექტიც წარადგინა, თქვა, რომ ორპარტიული ინიციატივა ემთხვევა გუბერნატორის ხედვას და მსგავსი ტიპის თერაპიაში ჩასართავად პირს ყოვლისმომცველი შემოწმების გავლა მოუწევს. მისივე თქმით, ახალი კანონპროექტით ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა კრიმინალიზაციასთან და დასჯასთან აღარ იქნება დაკავშირებული.
ამასთან, კანონპროექტი არ იძლევა “მაგიური სოკოების” პირადი ფლობისა და გამოყენების უფლებას, შესაბამისად, მათი კანონიერად ყიდვა ნებისმიერ ადამიანს არ შეეძლება. ამასთან, ფედერალური კანონის მიხედვით, ნარკოტიკები კვლავ უკანონოდ იქნება მიჩნეული.
კანონპროექტის მომხრეები ვარაუდობენ, რომ, მიღების შემთხვევაში, პროგრამის დანერგვას 18-დან 24 თვემდე დასჭირდება. დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტი ასევე შექმნის საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ფსიქოდელიური საშუალებების გარშემო სტიგმის შემცირებას შეუწყობს ხელს.
ფსიქოდელიურ სოკოებს რელიგიურ და სულიერ პრაქტიკაში სხვადასხვა კულტურაში საუკუნეების, შესაძლოა, ათასობით წლის განმავლობაშიც იყენებდნენ. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ფსილოსიბინი დეპრესიის, შფოთვის და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) მკურნალობას უწყობს ხელს. აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) 2018 წელს ფსილოსიბინი “თერაპიაში მნიშვნელოვან გარღვევად” გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ კოლორადოსა და ორეგონის შტატებმა ფსიქოდელიური სოკოების დეკრიმინალიზაციას მხარი უკვე დაუჭირეს და მისი თერაპიული გამოყენებისთვის შესაბამისი რეგულაციებიც შეიმუშავეს. უშუალოდ კალიფორნიაში – სან-ფრანცისკოში, ოკლენდსა და სანტა კრუზში – ფსიქოდელიური სოკოების ფლობა ფაქტობრივად დეკრიმინალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარეული ჰალუცინოგენების შეზღუდული რაოდენობით ფლობისთვის პირის დაპატიმრება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეიძლება.
გასულ წელს ფსილოსიბინი თერაპიული მკურნალობისთვის ავსტრალიის მედიკამენტების მარეგულირებელმაც დაამტკიცა.