კალიებთან ბრძოლისთვის სურსათის ეროვნულ სააგენტოს FAO-მ სპეციალიზებული ტექნიკა გადასცა

პროგრამის „კალიებთან ბრძოლის გაუმჯობესება კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეროვნულ და რეგიონულ დონეზე“ ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგნტო ავრცელებს.
ამავე ცნობით, პროექტის ფინანსური მხარდამჭერია -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა საშუალებას მისცემს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს, კალიების მონიტორინგი დიდ ფართობზე ეფექტიანად განახორციელონ, რაც ხელს შეუწყობს კალიების პოპულაციის მართვას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
„გადმოგვეცა 4 ერთეული მაღალი გამავლობის პიკაპი, რომელიც გამოიყენება კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებში, კერძოდ, დიდი ფართობების მონიტორინგისას ხდება გავრცელების არეალის მონიშვნა, რაც უმნიშვნელოვანესია შემდგომი ღონისძიებების დასაგეგმად.
FAO-სთან წლების განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, დაიხვეწა მავნებლის მონიტორინგის სისტემა; დაინერგა შესხურების თანამედროვე მეთოდები, რაც ხელს უწყობს კალიების პოპულაციის მართვას და სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ზარალის თავიდან აცილებას“, – განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.
საქართველოში FAO-ს წარმომადგენლის მოადგილემ, მამუკა მესხმა კალიებთან ბრძოლის პროგრამის მნიშვნელობაზე და რეგიონულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„აღნიშნული პროგრამა არის ტრანსსასაზღვრო და ხორციელდება არა მარტო საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ჩვენი მიზანია, კალიების პოპულაცია იმდენად შემცირდეს, რომ ზიანი მინიმალური იყოს და შენარჩუნდეს მოსავალი, რათა უზრუნველვყოთ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოება. პროგრამა ასევე ფოკუსირდება რეგიონულ თანამშრომლობაზე, მათ შორის, პესტიციდების გამოყენების რისკის შემცირებაზე რეგიონის ქვეყნებში. მოხარული ვართ, რომ FAO-ს მხარდაჭერით, ამ მიმართულებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში თანამედროვე, საერთაშორისოდ აღიარებული არაერთი მეთოდი და პრაქტიკა დანერგა“, – განაცხადა მამუკა მესხმა.
ტექნიკის გადაცემის ღონისძიება კახეთის რეგიონში, საველე პირობებში გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ ახალი ტექნიკის შესაძლებლობებს.
ღონისძიებას სურსათის ეროვნული სააგენტოს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.