,,კალაძის სრა-სასახლიდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით არის ჭიშკარი…” – ლევან ლორთქიფანიძე კახა კალაძეს

,,კავკასიური სახლის” წევრი ლევან ლორთქიფანიძე თბილისის მერის, კახა კალაძის გამოსვლას ეხმაურება:
,,ჩვენ ვუპირისპირდებით ეროვნულ ინტერესებს, ვართ მოღალატეები, სამშობლოს გამყიდველები, თვითონ კი ყველაფერი ზუსტად იცის, თუ ამ ქვეყანას რა, როგორ, როდის და რატომ სჭირდება …
ამისი გჯერათ? ეს პატიოსანი ნათქვამია? ეს სამართლიანია?
მისი სრა-სასახლიდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით არის ჭიშკარი, რომელსაც საბჭოთა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწყობილ ეზოში შევყავართ. ამ ეზოში, ბაბუაჩემის მიერ აშენებული ძველი კოტეჯის პატარა ბინაში ვცხოვრობ. რა საინტერესო იქნებოდა, რომ თავმდაბალ, საკუთარ სიმართლესა და წესიერებაში დარწმუნებულ მერს ოცი წუთი გამოენახა, რამდენიმე ნაბიჯი გაევლო, ენახა სამშობლოს გამყიდველის ოჯახი როგორ ცხოვრობს, რა წიგნები აქვს, რა უკიდია კედელზე …. აგენტებს და გამყიდველებს ხომ ეტყობათ ყველაფერი. შემდეგ თვალებში ჩაეხედა და ერთი სერიოზული არგუმენტი მაინც ეთქვა, რატომ ვუპირისპირდები ქვეყანას, რომელიც არასდროს მიმიტოვებია …
საკუთარ გულში ვიხედები და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სინდისი სუფთა მაქვს. ამ კანონს მხოლოდ იმიტომ ვეწინააღმდეგები, რომ:
1. დარწმუნებული ვარ, გამჭვირვალობა ღირსების შემლახავი სახელით ათასობით ადამიანის მოხსენიების გარეშეც მიიღწევა;
2. ვიცი, ზუსტად ვიცი, წამიკითხავს, მისწავლია, მისწავლებია – სამყაროს განვითარების ამ ეტაპზე საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ევროპულ თანამეგობრობაში გაწევრიანებით შეიძლება.
არც ფულს მოველი ამ პოზიციის გამო, არც სტატუსს, არც ნაცების მობრუნებას ვემსახურები და არც ამათ დარჩენას, უბრალოდ, “მაქვს მკერდს მიდებული, ქნარი როგორც მინდა…” (ცხადია, ეს ქნარი გენიოსის ქნარს ვერ შეედრება, მაგრამ გულიდან წამოსულ ტალღებს ისიც გრძნობს)
ჩვენ კი არა, თქვენ ღუპავთ ქვეყანას და ქაოსში გინდათ მისი ჩათრევა!”

ასევე დაგაინტერესებთ