შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მხარდამჭერები (ზაზა მამალაძე და ირაკლი ბუაჩიძე), რომლებმაც აქციის მონაწილეებზე იძალადეს, გაათავისუფლეს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
„დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა – შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
დროებითი დაკავების იზოლატორიდან, ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს:
· 1965 წელს დაბადებული ზაზა მამალაძე, რომელმაც სახეში გაარტყა ახალგაზრდა ქალს ხელი და მოგვიანებით უხამსი ჟესტით მიუთითებდა დემონსტრანტებს საკუთარ გენიტალიაზე;
· 2003 წელს დაბადებული ირაკლი ბუაჩიძე, რომელსაც აქციაზე ჰქონდა რეზინის ხელკეტი. მან ის ჩაარტყა ერთ-ერთ დემონსტრანტს, მოგვიანებით კი პოლიციელს, რომელსაც ნივთის წართმევის დროს უთხრა – „თქვენიანი ვარ“.
რადიო თავისუფლება აზუტებს 9 სექტემბერს კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ძალადობის სამიზნეებთან, ითანამშრომლეს თუ არა მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
იმავე განცხადებაში შს მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ პროკურატურა მოითხოვს გირაოთი გაათავისუფლონ 23 წლის ახალგზარდა ქალი, მეგი დიასამიძე, რომელიც კახა კალაძის ბანერის დაზიანების (წარწერის გაკეთების) ბრალდებით დააკაცეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს პროკურატურაშიც.
მასალა განახლდება




