პარტია “ქართული ოცნების” ლიდერები განცხადებებს აკეთებენ ევროკავშირის გუშინდელ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს საქართველოში არჩევნების შემსწავლელი ტექნიკური მისიის გამოგზავნას.
თბილისის მერის, “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება საერთაშორისო მისიასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა. არანაირი პრობლემა არ არსებობს. არჩევნების მეორე დღესვე, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, თუკი რაიმე კითხვები არსებობს, აგერ არის საარჩევნო ურნები და დათვალეთო”, – უპასუხა კახა კალაძემ მედიის შესაბამის შეკითხვას 19 ნოემბერს ერთ-ერთ ობიექტზე ყოფნისას.
ამის პარალელურად, “ქართული ოცნების” ოფისში პრესკონფერენცია გამართა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
თბილისის მერისგან განსხვავებით, მდინარაძეს არ უთქვამს, რომ მთავრობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ითანამშრომლებს. მისი თქმით, ხელისუფლებას პასუხი მას შემდეგ ექნება, რაც ევროკავშირი უკეთ განმარტავს, რას მოიაზრებს ტექნიკური მისია.
“ასეთი ფორმატი მსოფლიოში არ არსებობს. რაღაცა ფორმატი მოიგონა ვიღაცამ. რა ტექნიკური მისია? სადმე გაგიგიათ მსგავსი რაღაცა?
რაღაც რომ უნდა თქმულიყო, ყველაზე რბილი ფორმა მოიფიქრეს, რაღაც ტექნიკური მისია.
ვისთან ვთანამშრომლობთ? რას ვთანამშრომლობთ? ჯერ გაგვარკვიონ, ტექნიკური მისია რა არის. ვინ ჩამოდის?
კვაზი და უპრეცედენტო ორგანოები საგამოძიებო ფუნქციას ვერ შეიძენს”, – ამბობს მამუკა მდინარაძე.
ამასთანავე, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ქვეყნის “სუვერენიტეტის გადაშლა” უწოდა საერთაშორისო გამოძიებას:
“რა საერთაშორისო გამოძიება? ქვეყნის სუვერენიტეტი გადაშალეს, თითქოს დაფაზე ცარცით დაწერილი იყოს”.
18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოში გამოგზავნის ტექნიკურ მისიას.
მისი თქმით, ეს იქნება „პოლიტიკური მისია, რომელიც გულმოდგინედ გამოიკვლევს, თუ რა მოხდა“.
„საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია [დემოკრატიის] უკუსვლის გამო. ადგილზე სიტუაცია საჭიროებს შემოწმებას, გაანალიზებას და სწორედ ამას ემსახურება ტექნიკური მისია“, – განაცხადა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოზეპ ბორელმა.
მან ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი ბრიუსელში მიიწვევს და გამოჰკითხავს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს.
მანამდე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თქვა, რომ ლიეტუვა ემხრობოდა “დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების“ ჩატარებას 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ.
ლანდსბერგისის თანახმად, თავისთავად მრავლისმთქმელი იქნებოდა, თუ საქართველო უარს იტყოდა არჩევნების დარღვევების გამოძიებაზე.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას – ჯამში 61 მანდატი:
· „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
· „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობას“ – 16 მანდატი;
· „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
· „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.