კალაძის თქმით, გლდანის ტბის შემავსებელი სისტემის მოწყობა აგვისტოს ბოლოს დასრულდება

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა მ გლდანის დიდი (თეთრი) ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის ღონისძიებებზე ილაპარაკა. კალაძის თქმით, ტბის საკითხზე მერიაში მოქალაქეების ბევრი წერილი შევიდა, რის გამოც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს პრობლემის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაევალა. მიზეზების დადგენის შემდეგ, ტბის ხელოვნურად შევსების გადაწყვეტილება მიიღეს.
„კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ტბის შევსება/გაჯანსაღებისთვის მისი მოცულობის საჭირო ნიშნულამდე გაზრდა დაიგეგმა. იქედან გამომდინარე, რომ წყლის შევსება ბუნებრივი გზით შეუძლებელია, მისი მოცულობის გაზრდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ბალანსზე არსებული ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის მეშვეობით განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამ ეტაპზე, შეთანხმებული პროექტის მიხედვით, როგორც კალაძემ აღნიშნა, სამსახურმა უკვე დაიწყო შემავსებელი სისტემის მოწყობა, რომელიც უნდა მიუერთდეს წყალგამტარ გვირაბს
„სამუშაო მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება“, – თქვა კალაძემ.
თბილისის მერმა სამომავლოდ ტბის ალტერნატიული მეთოდით შევსების გეგმაზეც ილაპარაკა.
„გლდანის დიდი ტბა შეივსება მიმდებარე ფერდობებზე წარმოქმნილი ატმოსფერული ბუნებრივი წყლებით, რომელიც სანიაღვრე კოლექტორის მეშვებით ჩაეშვება ტბაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზემოაღნიშნული ღონისძიებების დახმარებით, შევინარჩუნებთ და გადავარჩენთ გლდანის თეთრ ტბას“, – დაამატა მან.
გლდანში მდებარე „თეთრი ტბა“ წლების განმავლობაში ადგილობრივების დასვენების ყველაზე მოსახერხებელი ადგილი იყო, მაგრამ ახლა საფრთხის წინაშე დგას – დაჭაობდა და შრება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, “თეთრი ტბა”, სულ მცირე, 70 წელია არსებობს. 50-60-იან წლებში მისი ფართობი დაახლოებით 3 ჰექტარს შეადგენდა.
უკვე მერვე წელია, რაც ტბაში წყალი კლებულობს. 2015 წელს ტბის ზედაპირი ზღვის დონიდან 550 მეტრზე იყო, 2023 წელს კი 549 მეტრზე ჩამოვიდა, ანუ 1 მეტრით დაიწია. 2015 წელს წყლის სარკის ზედაპირის ფართობი თითქმის 37 ჰექტარს შეადგენდა, 2022 წელს – 28,2 ჰექტარს. დღეს ტბა წვიმით, თოვლით და მიწისქვეშა წყლით საზრდოობს.
გარემოს დაცვის სამინისტრო ასკვნის, რომ ტბის დაშრობას კლიმატურ ცვლილებებთან ერთად ისიც იწვევს, რომ ტბის მკვებავი არხები მოშლილია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები