თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ, ქართული ოცნების საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
აქამდე, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ქართული ოცნების ახალ საარჩევნო ბანერებს “აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი” უწოდა.
კალაძის თქმით, “საქართველოს ელჩს, ყველა განვითარებულ ქვეყანაში, მსგავსი განცხადების გაკეთების გამო მაშინვე გამოაპანღურებენ”.
“ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე რა მძიმეა, ამის გამო არ გაუშვა, ნუ არ ვიცი, წარმოუდგენელია.
შეუძლებელია და კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან ამ ტიპის განცხადებები.
წარმოიდგინეთ, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში რომ გამოვიდეს საქართველოს ელჩი და გააკეთოს ამ ტიპის განცხადებები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე.
უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები”. – თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ