კალაძე: ყველაფერი არის ფარსი, ვითომ დემოკრატიულ სახელმწიფოებს აშენებენ

ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში პროპაგანდისტული TV იმედისა და POSTV-ს დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ “სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა ეს ჩვეულებრივ”.
კალაძემ ბრიტანეთზე და პოლონეთზე საუბრისას ასევე თქვა, რომ აღნიშნულ ქვეყნებს აქვთ “ვითომ დემოკრატია, ვითომ სიტყვის თავისუფლება, ყველაფერი არის ფარსი, ყველაფერი არის ბლეფი”.
“ეს ვითომ დემოკრატია, ვითომ სიტყვის თავისუფლება, ყველაფერი არის ფარსი, ყველაფერი არის ბლეფი. ეს არის თავმოხვეული, ვითომ დემოკრატიულ სახელმწიფოებს აშენებენ. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა ეს ჩვეულებრივ. ჩვენ რომ ავდგეთ ხელისუფლება და არ ვიცი, არ მომწონს რომელიღაც ტელევიზია და რასაც სააკაშვილი აკეთებდა – შევვარდეთ, დავხუროთ დავკეტოთ – ეს არის დემოკრატია? ეს არის სიტყვის თავისუფლება? დამოკიდებულად, ამ გადაწყვეტილებებს, რასაც ისინი აჟღერებენ, ქართველი ხალხი ხომ ხედავს?! სულელები ხომ არ ვართ? ხომ ვაფასებთ ამ ყველაფერს, რა პროცესები მიდის. როდესაც საუბრობენ სიტყვის თავისუფლებაზე და მეორე ხელით პირდაპირ ანგრევენ ამ ყველაფერს, ნუ, ცხადია ხომ ყველაფერი”. – თქვა კალაძემ.
რას ითვალისწინებს, ვის ეხება და ვის შეიძლება შეეხოს ბრიტანული სანქციები?
24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV “რუსული დეზინფორმაციის გავრცელების” გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია.
TV პირველი: EPP-ის ევროპარლამენტარები იმედის, POSTV-სა და რუსთავი 2-ის სანქცირებას ითხოვენ
23 მარტს TV პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიპოვეს ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მიერ წარდგენილი ტექსტი, რომელიც სამთავრობო პროპაგანდისტული მედიების – TV იმედის, POSTV-სა და რუსთავი 2-ის – სანქცირებას მოითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარები მოითხოვენ, რომ ეს შესწორება საქართველოს შესახებ წლიურ ანგარიშში შევიდეს.