თბილისის მერის განცხადებით, დანიური კომპანია “რამბოლის” მიერ თბილისის სატრანსპორტო გეგმის ფარგლებში შემოთავაზებული პროექტების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს – მათ შორისაა – თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის პროექტი. კახი კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარეობს დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირების სამუშაოები.
თბილისის მერის თქმით, თითოეული შემოთავაზებული პროექტისთვის გათვალისწინებულია მიზანშეწონილობის კვლევა, შესაბამისად, ყველა მათგანისთვის უნდა ჩატარდეს გავლენების ანალიზი.
სხდომაზე კალაძემ ისაუბრა დიდი დიღმის პრობლემაზეც:
“სტრატეგია მოიცავს ისეთ უპრეცედენტო პროექტებს, როგორიცაა დიდი დიღმის კავშირი ქალაქის ცენტრთან სწრაფი და კომფორტული სარკინიგზო ტრანსპორტით – ეს შეიძლება იყოს ტრამვაი, შეიძლება იყოს მეტრო. ზოგადად, დიდი დიღმიდან გამოსვლა დიდი პრობლემას წარმოადგენს, ისეა გადატვირთული აღმაშენებლის ხეივანი. ასევე პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს, მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება. იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობას ხელი შევუწყოთ, რომ გამოსვლა მოახერხონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს გაჭედილი საცობში, ამისთვის აუცილებელია აღმაშენებლის ხეივანზე საავტობუსე ზოლების მოწყოს, ასევე გელოვანზე არის ამის აუცილებლობა”, – თქვა კალაძემ.
სხდომაზე მერმა დაავალა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს, დაიწყონ მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, გაწერონ რეკომენდებულ ღონისძიებებზე მუშაობის დაწყების თარიღები, შედეგები კი საზოგადოებას წარუდგინონ.