„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გუშინ გამოცხადებულ სანქციებთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ყველაფერი, რაც ხდება, არასერიოზული და ღიმილის მომგვრელია“.
კალაძე აგრძელებს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ რიტორიკას და ამბობს, რომ არავის მისცემენ შესაძლებლობას „საქართველოში ის მოხდეს, რაც უკრაინაში ხდება“ და ამბობს, რომ სანქციებისაც არ ეშინიათ:
„ჩვენ ერთხელ უკვე მოვისმინეთ განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით, გუშინაც გაკეთდა განცხადება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. არავის არ ეშინია ამ სანქციების, ერთხელ ვთქვით უკვე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს არის არასერიოზული ყველაფერი, რაც ხდება. ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი, რაც ხდება. ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, რომ ვიცავთ ქვეყნის ინტერესს. გვინდა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, გვინდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება გაძლიერება. გუშინაც ვისაუბრე, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობის გადატვირთვა მოხდეს,“ — ამბობს კახა კალაძე.
კალაძისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება იყვნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები სანქცირებული:
„თქვენ შეგიძლიათ ახსნათ ერთი მიზეზი, რატომ შეიძლება მმართველი გუნდის წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებული? ღიმილისმომგვრელია, ღიმილისმომგვრელია, უბრალოდ სანქციებზე საუბარი,“ — ეუბნება თბილისის მერი ჟურნალისტებს.
კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ვიღაცისთვის შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლა არ წასვლა პრობლემას წარმოადგენდეს, თუმცა თავად მათ რიცხვს არ მიეკუთვნება.
„ვიღაცისთვის შეიძლება სადღაც წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენდეს, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როცა ქვეყანასა და სამშობლოზეა საუბარი,“ — ამბობს კალაძე.
ჟურნალისტის ჩაკითხვის საპასუხოდ, რომ სანქციები მხოლოდ სავიზო შეზღუდვებს არ ეხება, რა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნისთვის შტატების მიერ გამოყოფილი დახმარების შემცირება და სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვა ამბობს, რომ „იმ თანხების უდიდესი ნაწილი ამერიკის აგენტურის დაფინანსებაში მიდის“.
კალაძის აღნიშნული მოსაზრება სინამდვილეს არ შეესაბამება. აშშ საქართველოს, 1992 წლიდან დღემდე, 6 მილარდზე მეტი აშშ დოლარით დაეხმარება, დახმარების უდიდესი ნაწილი მოხმარდა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ინფრასტრუქტურის შექმნას, ასევე განათლების, ჯანდაცვის, მართლმსაჯულების სისტემების განვთარებას.