კალაძე: სანქცია ვერ შეგვაჩერებს – ვერ ვიხელმძღვანელებთ ბრიუსელში გაზულუქებული ბიუროკრატებით

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კვლავ ირწმუნება, რომ “სანქციების არ ეშინიათ”. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ჰკითხეს, რომლის სამუშაო პროექტშიც ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სანქცირებაა მოთხოვნილი.
ის ამტკიცებს, რომ “ბრიუსელში კონკრეტული კორუმპირებული, გაბოროტებული ბიუროკრატები გაგიჟებულები არიან, რომ საქართველოში მარცხი განიცადეს” და ამბობს, რომ “ვერ იხელმძღვანელებენ იმით, რა მოეწონება ან არ ბრიუსელში რომელიღაც გაზულუქებულ ბიუროკრატს”.
“ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები ვერ იქნება შემაჩერებელი, როდესაც საქმე ეხება ამ ქვეყნის ინტერესს, მომავალს, ვერანაირი სანქცია ვერ შეგვაჩერებს და არავის არ ეშინია სანქციების. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის ინტერესებს. ის კონკრეტული ბიუროკრატები, კორუმპირებული, გაბოროტებული ბიუროკრატები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, უბრალოდ, გაგიჟებულები არიან, რომ მათ განიცადეს მარცხი, დამარცხდნენ საქართველოში. […]
საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის ინტერესების დაცვას, ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებას, რაც ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის არის საჭირო, მნიშვნელოვანი. ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ, რა მოეწონება და რა არ მოეწონება ბრიუსელში რომელიღაც გაზულუქებულ ბიუროკრატს, ამით ვერ ვიხელმძღვანელებთ. გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და ვიმოქმედებთ ისე, გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას”, – ამბობს კალაძე.