კალაძე რუსულ კანონზე: თუ არ დაემორჩილებიან, არსებობს ჯარიმები, ყადაღა და ვერ შეძლებენ ფუნქციონირებას

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი აცხადებს, რომ თუ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები რუსული კანონს არ დაემორჩილებიან, მიღებული იქნება ზომები დაჯარიმების, ქონების დაყადაღების სახით და ისინი ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებენ.
„თუ არ დაემორჩილებიან [რუსულ კანონს], არსებობს ფინანსური ჯარიმების დაკისრება, შემდეგ მოხდება მათი დაყადაღება და ა.შ. და ისინი ვერ შეძლებენ უბრალოდ ფუნქციონირებას და ვერც თანხების მიღებას, რასაც იღებენ. თუ შენ მართლა კეთილ საქმეს აკეთებ და არ გაქვს ბოროტი ზრახვები, რა პრობლემაა დეკლარაციის შევსება და ფინანსების ჩვენება, საიდან იღებ შემოსავლებს და რა კონკრეტულ პროექტებში ფინანსდები. თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ეს პოლარიზაცია, რევოლუციის სცენარის დაფინანსება, ყველაფერი ხდებოდა ამ გაუმჭვირვალობის გამო,“ – ამბობს კახა კალაძე.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს რუსულ კანონს ხელი მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი ძალაში შედის.
რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო, მათ შორის, -ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
ორგანიზაციები, რომლებიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მიიჩნევიან, ვალდებული არიან რუსული კანონით გათვალისწინებული რეესტრში დარეგისტრირდნენ.
მედიები და სამოქალაქო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისინი არ დაემორჩილებიან რუსულ კანონს.
იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი უარს იტყვის ამ რეესტრში რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების მიუხედავად, მაინც დაარეგისტრირებენ.
რუსული კანონის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება პირველ ჯერზე გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული კანონი ზღუდავს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას. მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.
ევროკავშირის სახელმწიფოები ამბობენ, რომ თუ ეს კანონი საბოლოოდ შევა ძალაში, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება, გარდა ამისა, შესაძლოა, შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა და ქვეყანამ დაკარგოს არაერთი სხვა სარგებელი, რასაც ევროპისგან იღებს.
რუსული კანონის მიღების თითქმის ორთვიან საკანონმდებლო პროცესს თან ახლდა ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, რომელიც გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ