თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორმა დანაშაული ჩაიდინა, თუმცა პატიება არ უთხოვია.
„პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა კატეგორიულად მიუღებელია. იმის მაგივრად, რომ… ადამიანები ვართ, ხომ? შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, შეიძლება შეცდომა დაუშვას ნებისმიერმა ადამიანმა. ადამიანები ვართ და ყველას მოგვსვლია შეცდომა. ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ხომ დანაშაულია, როცა პოლიციელს ურტყამ ხელს?! არ მახსოვს, არ მომისმენია და დარწმუნებული ვარ, არავის მოუსმენია თუნდაც სინანული. თუნდაც ის, რომ გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად: შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ. მოგისმენიათ ეს?“, — განაცხადა კალაძემ.
მან ჯანმრთელობა უსურვა მზია ამაღლობელს და ყველა პატიმარს.
ასევე თქვა, რომ ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი და მადლობა გადაუხადა შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, ვინც „იცავს წესრიგს ქვეყანაში“.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მზია ამაღლობელი 12 იანვრიდან შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს.
ადვოკატების ცნობით, მეორე დაკავების შემდეგ, ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, არ აძლევდა მას წყალსა და საპირფარეშოზე წვდომას. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მზია ამაღლობელის ბრალდებებთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სამართალდამცველის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.
