კალაძე: მეტრო „ვარკეთილის“ და „ავლაბრის“ რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოს დასრულდება

თბილისის მერი ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ მეტროსადგურების: „ვარკეთილი“ და „ავლაბარი“ – რეაბილიტაცია 2024 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება.
კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის სურვილს გარკვეული დროის განმავლობაში არცერთი კომპანია გამოთქვამდა, რის გამოც, პროცესი დროში გაიწელა:
„მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სადგურის რეაბილიტაციის პროცესში, გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა ფიქსირდებოდა, რადგან არცერთი კომპანია არ გამოთქვამდა სურვილს ტენდერში მონაწილეობა მიეღო. სავარაუდოდ, არავის უნდოდა პასუხისმგებლობის აღება ამხელა მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაზე, თუმცა მოიძებნა კომპანია, რომელიც ამჟამად ასრულებს სამუშაოებს და რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება მეტროსადგურ „ავლაბარს, თბილისის მერის თქმით, თავდაპირველ პროექტში ცვლილებების საჭიროება დადგა, რადგან მეტროსადგურის ვესტიბიულის დემონტაჟი განხორციელდა:
„რეაბილიტაციის პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რადგან არსებული ვესტიბიულის დემონტაჟი განხორციელდა, რომელიც ძალიან მძიმე, ავარიულ მდგომარეობაში იყო. ზოგადად, რეაბილიტაციის ნებისმიერი პროექტის დროს, პრობლემა ისაა, რომ არავინ იცის, რეალურად რა ხდება, რა მდგომარეობაა ადგილზე. როდესაც უშუალოდ სამუშაოები ხორციელდება, უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგებით. თუ რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეიქმნა, მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციაც ზაფხულში დასრულდება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
2021 წლის 30 იანვარს, 10:30 საათზე, მეტრო „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოიშალა, რა დროსაც 14 ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ მერიამ რემონტზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც „სამშენებლო კომპანია მამისონმა“ გაიმარჯვა.
2022 წლის 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მერიამ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზად კი დაასახელა:
„ხელშეკრულების დადებიდან ექვსი თვის, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 98 დღის შემდეგ, კვლავ არ არის წარმოდგენილი სრულყოფილი და სამუშაოების წარმოებისთვის ვარგისი სამუშაოთა წარმოების პროექტი. დღეის მდგომარეობით გასული არის ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადის მესამედი ნაწილი. შესაბამისად, მოცემული გარემოებების გონივრული შეფასებით, შემსყიდველისთვის ცხადია, რომ ხელშეკრულების შესრულება ვადაში თქვენი მხრიდან ვერ მოხდება”.
ხელშეკრულების თანხა 12.76 მილიონი ლარი იყო, რომლის 30 პროცენტიც მშენებელმა კომპანიამ უკვე მიიღო.
კომპანია „მამისონთან“ მერიამ ხელშეკრულება მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის შემთხვევაშიც გაწყვიტა. მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ შესრულებულ სამუშაოებში დაფიქსირებული იყო დეფექტები, გარდა ამისა, კომპანია არ აწარმოებდა საჭირო დოკუმენტაციას.
რაც შეეხება მეტროსადგურ „ავლაბარს“, ვესტიბიულის რეაბილიტაცია 2022 წლის ივლისში დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, კალაძის თანახმად, გათვალისწინებულია: კონსტრუქციების გამაგრება; დრენაჟის სამუშაოები; ვესტიბიულისა და სამეურენო ოთახების განახლება-რეაბილიტაცია; საინჟინრო ქსელების შეკეთება-განახლება; ინტერიერის, იატაკის, კედლებისა და ჭერის მოსაპირკეთებელი სამუშაოები; ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები; ჰიდროიზლაციის მოწყობა; მწვანე კედელი, რაც გარე ფასადზე იყო, შენარჩუნდება“.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა