თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობისთვის სანქციები მკაცრდება – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, გაზრდილი ჯარიმები ძალაში 11 იანვრიდან შევა.
“ახალი კანონის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დაჯარიმდება 250 000 ლარით, ნაცვლად 25 000 ლარისა.
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, დაჯარიმდება 200 000 ლარით ნაცვლად 20 000 ლარისა.
ჯარიმები გამკაცრდა ასევე, I და II კლასის შენობა-ნაგებობების უნებართვო მშენებლობებისთვის. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის – III კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 30 000 ლარი, ნაცვლად 10 000 ლარისა, ხოლო IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 75 000 ლარი, ნაცვლად 15 000 ლარისა.
ჯარიმები გამკაცრდა ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის. კერძოდ, III და IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 150 000 ლარი, ნაცვლად 20 000 ლარისა” – თქვა კალაძემ.
კალაძის ცნობით, სანქციები გამკაცრებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისთვისაც.
“სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე უნებართვოდ, დაჯარიმდება 250 000 ლარით,
სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 150 000 ლარით,
კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 200 000 ლარით,
მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე უნებართვოდ, დაჯარიმდება 40 000 ლარით,
სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 20 000 ლარით,
კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 25 000 ლარით” – თქვა თბილისის მერმა.