თბილისის მერიის ცნობით, მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში “სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული” 20-ზე მეტი შენობა-ნაგებობა დაანგრია. იქ მცხოვრები მოქალაქეების თქმით, უსახლკაროდ დარჩნენ. ისინი ამბობენ, რომ ინსპექციამ ყველანაირი გაფრთხილების გარეშე დაანგრია მათი საცხოვრებელი და ვერ შეძლეს პირადი ნივთების გამოტანა.
თბილისის მერიის განცხადებით, ბოლო დროს ხშირია სახელმწიფო ტერიტორიებზე შენობების უკანონოდ აშენების შემთხვევები და ეს “გარკვეული ორგანიზებული ჯგუფების” მხრიდან ფინანსური სარგებლის მიღებას ემსახურება.
“მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან, არ შევიდნენ არაკეთილსინდისიერ გარიგებებში თაღლითურ ჯგუფებთან, რომელიც ჰპირდებიან მათ სახელმწიფო მიწების დაკანონებას”. – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ამ თემას თბილისის მერი, კახა კალაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, თაღლითური ჯგუფები ადამიანებს აგულიანებენ და ეუბნებიან, რომ სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შეიძლება შესვლა და ნაგებობების აშენება. მისივე მტკიცებით, იმ ნაგებობების დემონტაჟი მოხდა, რომელთა მშენებლობებიც “სულ რამდენიმე დღის და კვირის წინ” იყო დაწყებული.
“არსებობს გარკვეული თაღლითური ჯგუფები, ვინც აგულიანებს, ვინც ეუბნება ადამიანებს, რომ შეუძლიათ, თითქოს, მუნიციპალურ და სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შევიდნენ და ააშენონ შენობა-ნაგებობები და შემდეგ, თითქოს, მათ დაუკანონებენ და ამაში ფულს სძალავენ. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. […]
თუ ვიღაცას თბილისში საცხოვრებელი არ აქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქის მერიამ ადგეს და ბინა უყიდოს, არასწორია ეს დამოკიდებულება და არაერთხელ ვაჩვენეთ საზოგადოებას, თუ ვინ დგას ასეთი ქმედებების უკან”. – თქვა თბილისის მერმა.