კალაძე: თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი 1 963 000 000 ლარი გახდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი 1 963 000 000 ლარი გახდება. მისი თქმით, დედაქალაქის გასული წლის ბიუჯეტის შესრულება 95%-მდეა, ხოლო საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით არის შესრულებული. მისი თქმით, წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოყოლილი თანხები და დამატებითი შემოსავლები მთლიანად აისახება 2024 წლის ბიუჯეტში. მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მანამდე საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი 1 763 000 000 ლარის ოდენობით დაამტკიცა.
“2023 წელი საკმაოდ წარმატებით დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის შესრულება 95%-მდეა. რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილს, მისი შესრულება, დაახლოებით, 100 მლნ ლარით არის გადაჭარბებული. გარდა ამისა, გარკვეული თანხები წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოგვყვა, რომელიც დამატებით შემოსავლებთან ერთად, მთლიანად აისახება მიმდინარე წლის ბიუჯეტში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც 1 763 000 000 ლარის ოდენობით დამტკიცდა, გახდება 1 963 000 000 ლარი, რაც საშუალებას მოგვცემს, ქალაქისთვის უფრო მეტი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განვახორციელოთ. პირობას გაძლევთ, რომ 2024 წელი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება”, – აღნიშნა მერმა.
კალაძემ თქვა, რომ მსგავსი ბიუჯეტი თბილისს ჯერ არ ჰქონია.

ასევე დაგაინტერესებთ