კალაძე ემიგრანტების ხმის მიცემაზე: ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება

ქართული ოცნების მერი, ირწმუნება, რომ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ეზღუდებათ და კვლავ “გარე ჩარევებზე” საუბრობს.

მისი მტკიცებით, გადაწყვეტილება, რომ უცხოეთში მყოფებმა მხოლოდ საქართველოში მისცენ ხმა, “ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე” მიიღეს.

“ტყუილია ინფორმაცია, რომ ემიგრანტებს არ ექნებათ შესაძლებლობა, ხმა მისცენ. ეს არასწორი ინფორმაციაა. მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება. რა თქმა უნდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა, თუმცა ექნებათ საქართველოში. ხმის მიცემის აკრძალვა არ ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ თუნდაც ჩვენს ქვეყანაში ხდება გარე ჩარევები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიც საუბრობდა ამ მიმართულებით არსებულ უდიდეს პრობლემაზე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია. ანალოგიური დამოკიდებულება აქვს სხვადასხვა ქვეყანას. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ირლანდია, , სომხეთი. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. თუ მოქალაქეებს ექნებათ სურვილი, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ჩამოვლენ საქართველოში და მისცემენ ხმას…
ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვდგამთ ყველა ნაბიჯს. დღეს უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში გარე ჩარევები, მით უმეტეს, არის უხეში ჩარევები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გადახედეთ ზოგიერთი ქვეყნის ელჩი რას კადრულობს, რა განცხადებებს აკეთებს და როგორ მოქმედებს. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების თემები, მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვა. ძალიან დიდია საფრთხე გარე ჩარევებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ, პირველ რიგში, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მომავალი “- თქვა კალაძემ.
ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, არჩევნებზე ხმას საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მისცემენ.