თბილისის მერი კახა კალაძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ევროპელი დიპლომატების მისვლას “მტრობას” უწოდებს.
“გარედან არის მცდელობა, რომ ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება, რევოლუცია. ამის მაგალითი არის თუნდაც ის უცხოელები, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ და პირდაპირ აქციაზე გავიდნენ. ამაზე დიდი ლუსტრაცია რა უნდა იყოს.
ეს არ არის მეგობრობა, ეს არის პირდაპირ მტრობა, ეს არის პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა ქვეყანაში”, – ამბობს კალაძე რუსთავი 2-ის ეთერში.
დღეს ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტების მარშს შეუერთდნენ, რის შემდეგაც მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტთან სიტყვით მიმართეს. მოგვიანებით აქციაზე მივიდა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრიც.