კახა კალაძე ბიზნესსექტორს მოუწოდებს, მოერგონ დიდგაბარიტიანი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ცვლილებებს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დააჯარიმებენ:
„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბიზნესსექტორს, ასევე, მიმღებ სუბიექტებს, გადაეწყონ და მოერგონ დიდგაბარიტიანი ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დადგენილ რეგლამენტს, რათა არ მოგვიწიოს მათი დაჯარიმება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერის თქმით, რეფორმის განხორციელების პროცესში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია შედგა. კალაძის თქმით, თქმით, დიდგაბარიტიანი ავტომანქანების შეზღუდვაზე ინფორმაცია მუდმივად ვრცელდებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ბიზნესსექტორის ცალკეული სუბიექტები ამ რეგულაციას მოუმზადებლები შეხვდნენ:
„მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეფორმა და პიკის საათებში დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვა თბილისის ცენტრალურ ნაწილში. ვიცით, ქალაქში რა მდგომარეობაა და მუნიციპალიტეტი, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ბევრ ღონისძიებას ახორციელებს იმისთვის, რომ მოქალაქეებს სწრაფად გადაადგილების საშუალება მიეცეთ – პირველ რიგში, გავზარდოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამტარობა.
განვაახლეთ ავტოპარკი, ახალი ავტობუსები შემოვიყვანეთ და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. საგზაო ნაწილშიც ხორციელდება კონკრეტული პროექტები, როგორიცაა, ქუჩების ახალი დიზაინი, მთლიანად გადაწყობა, რათა საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდეს პრიორიტეტი და შეეძლოს ყველაზე სწრაფად გადაადგილება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძე აღნიშნავს, რომ დიდგაბარიტიან ავტომობილებს გადაადგილება მხოლოდ დილისა და საღამოს პიკის საათებში, ქალაქის კონკრეტულ რაიონებში ეზღუდებათ.მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შემცირდეს იმ ინციდენტების რაოდენობა,
რომელიც აფერხებს მოძრაობას:
„რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ საზოგადოებას ვაჩვენე კადრები, რამხელა პრობლემას იწვევს დედაქალაქში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილი, რომელიც დაზიანებულია ან შეექმნა პრობლემა. ამ ყველაფერს ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება, ერთი ქუჩიდან გადადის მეორეზე და ასე შემდეგ. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბიზნესსექტორს, როგორც ამ სერვისის გამწევს, ასევე, მიმღებ სუბიექტებს, გადაეწყონ და მოერგონ დადგენილ რეგლამენტს, რათა არ მოგვიწიოს მათი დაჯარიმება.
არავის უხარია ვინმეს დაჯარიმება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმისთვის, რომ მოქალაქეებს გადაადგილება შევუმსუბუქოთ. დიდგაბარიტიან ავტომობილებს დილისა და საღამოს პიკის საათებში, ქალაქის კონკრეტულ რაიონებში ეზღუდებათ გადაადგილება. თუ შედარებას გავაკეთებთ, დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს, ვიდრე ეს თვეების წინ იყო. შემსუბუქებულია ვითარება, თუმცა ჯერ ისეთი არ არის, როგორიც გვინდა, რომ საბოლოოდ მივიღოთ. რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.