კალაძე დეველოპერებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

“მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის თვალსაზრისით შეიძლება ეს არ იყოს მოგებიანი, ეს არის სოციალური პროექტები და თქვენი მხარდაჭერა და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია”, – ასე მიმართა თბილისის მერმა დეველოპერულ და სამშენებლო ბიზნესს მთავრობის სხდომიდან.
კალაძის თქმით, პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი ტენდერი გუშინ გამოცხადდა.
“ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, რამდენად სერიოზული გამოწვევა და პრობლემაა ავარიული კორპუსები. შესაბამისად, მათი განახლება და ჩანაცვლება ძალიან მნიშვნელოვანია. სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივში ერთ-ერთი ავარიული სახლის მრავალბინიანი კორპუსით ჩანაცვლებისთვის გამოცხადდა ტენდერი. მე, მინდა ვთხოვო დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესდეთ აღნიშნულით, მიიღოთ მონაწილეობა და ერთად შევძლოთ ასეთი, მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის თვალსაზრისით შეიძლება ეს არ იყოს მოგებიანი, ეს არის სოციალური პროექტები და თქვენი მხარდაჭერა და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.
აღნიშნულ მისამართზე 4-სართულიანი სახლია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო და მის ნაცვლად ავაშენებთ 10-სართულიან თანამედროვე სტანდარტების შენობას. 36 ოჯახი იქნება სრულად დაკმაყოფილებული, რომლებსაც გადაეცემათ გარემონტებული ბინები” – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს ოჯახები ქირით არიან.
თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების წესში საკრებულომ ცვლილება 2023 წლის დასაწყისში შეიტანა – შეცვლილი წესით, პროექტის განმახორციელებელს სხვა მიწის ნაკვეთზე ავარიული სახლის ჩანაცვლებისთვის დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობა აღარ დასჭირდება.