თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე განმარტავს, რომ „ვარკეთილის“ მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია აგვისტოში ვერ დასრულდება. მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომელიც მეტროსადგურიდან ჩაწერა.
მეტროსდგურმა მგზავრების მიღება 12 ივლისს 45 დღით შეწყვიტა – როგორც მერმა თქვა, ამ დროის განმავლობაში იწმინდება და სპეციალური სამუშაოები უტარდება ბაქანისა და დახრილი გვირაბების ჭერს.
„[სადგური] აგვისტოს ბოლოს უკვე გაიხსნება, თუმცა აქვე ვიმეორებ, სპეკულაციები რომ არ მოჰყვეს, სამუშაოები არ იქნება ბოლომდე დასრულებული. სამუშაოები გაგრძელდება და წლის ბოლოს დავასრულებთ“, – თქვა კახა კალაძემ.
„ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაცია 15 მილიონ ლარზე მეტი ჯდება. სამუშაოებს ატარებს შპს „ბადა ქონსთრაქშენი“.
უკვე ერთი თვეა ერთ-ერთი ყველაზე მეტად დატვირთული მეტროსადგური მგზავრებს არ ემსახურება – 12 ივლისს სადგური დაკეტეს და ბაქანისა და დახრილი გვირაბის ჭერზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყეს.
ბოლო წლებში „ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაცია მესამედ მიმდინარეობს – პირველ შემთხვევაში ბაქანი, დახრილი გვირაბი და ვესტიბიულები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს გარემონტდა.
დედაქალაქის ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, დავით ნარმანიას მერობის დროს, 2017 წელს კი, ხელახალი რეაბილიტაცია დაიწყო. განახლებული მეტროსადგურის დათვალიერების შემდეგ თბილისის იმდროინდელმა მერმა თქვა, რომ „მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა“. ამ სიტყვებიდან წელიწადსა და ოთხ თვეში, 2018 წლის 30 იანვარს ბაქნის ჭერზე კონსტრუქცია ჩამოვარდა – იმ დღეს იქ 14 ადამიანი დაშავდა.
კახა კალაძის მერობის პირობებში კიდევ ორი მეტროსადგურის რეაბილიტაცია დაიწყო:
· „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის განახლება რვა თვეში უნდა დასრულებულიყო და 28 თვეს გაგრძელდა;
· დათქმული ვადის დარღვევით, დაგვიანებით გაიხსნა მეტროსადგური „გოცირიძეც“. სამუშაოები, რომლებისთვისაც შვიდი თვე იყო გათვალისწინებული, თითქმის სამ წელს გაგრძელდა.
ფორუმი
