„ოპონენტები ჯერ ამბობდნენ, რომ ვიტყუებოდით და არაბული ინვესტიცია არ განხორციელდებოდა; ახლა ნარატივი შეცვალეს და ცდილობენ პროექტს ზიანი მიაყენონ,“ — ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან, საქართველოში არაბული დეველოპერული კომპანიის მიერ დაგეგმილი ინვესტიციის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ პროექტში საქართველოს მთავრობის წილი 33%-ია, ხოლო მიღებული შემოსავლები პირდაპირ ბიუჯეტში წავა.
„აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ჩვენს ოპონენტებს თავდაპირველად ჰქონდათ ნარატივი, რომ ჩვენ ვიტყუებოდით და მსგავსი ინვესტიციის განხორციელებით არაბული კომპანია დაინტერესებული არ იყო. მას შემდეგ, რაც ოფიციალურად მოხდა ყველაფერი — არაბები ჩამოვიდნენ საქართველოში და პროექტის დაწყება დაანონსდა — მათ ნარატივი შეცვალეს და მაქსიმალურად ცდილობენ ამ ინვესტიციას ზიანი მიაყენონ. რა თქმა უნდა, პროექტი განხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. არსებობს მიწა, ჯერ უნდა გაკეთდეს პროექტი და, დამტკიცების შემდეგ, დაიწყება ინვესტიციის გაშლა. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 6.5 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში არასდროს შემოსულა. ეს ყველაფერი არამხოლოდ ეკონომიკას, სამუშაო ადგილების შექმნას წაადგება, არამედ ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებსაც უფრო გააძლიერებს. აღნიშნულ პროექტში საქართველოს მთავრობის წილი 33%-ია, ხოლო მიღებული შემოსავლები პირდაპირ ბიუჯეტში წავა — მოხმარდება ჯანდაცვის პროგრამებს, სოციალურ საკითხებს, მათ შორის პენსიების გაზრდას და ა.შ.,“ — აღნიშნა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ საჯაროვდება არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, კახა კალაძემ აღნიშნა:
„დასამალი არაფერია. ეკონომიკის მინისტრი გამოვიდა და აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ ისაუბრა ყველა დეტალზე.“




