კალაძე: აგვისტოს შემდეგ გლდანის „თეთრი ტბა“ წყლით შეივსება

გლდანის თეთრ ტბაზე ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამუშაოები დაიწყო და აგვისტოს შემდეგ ტბის წყლით შევსება დაიწყება, რაც GWP-სთან თანამშრომლობით მოხდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ თბილისი მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს, 17 ივლისს, განაცხადა.
მერის თქმით, წლების განმავლობაში უყურადღებობამ გამოიწვია ტბის დაშრობა.
„იქიდან გამომდინარე, რომ წყლის შევსება ბუნებრივი გზით შეუძლებელია, მისი მოცულობის გაზრდა GWP-ის ბალანსზე არსებული ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის მეშვეობით განხორციელდება. ამასთან, ჩატარებული კვლევების საფუძველზე დამუშავდა პროექტი, რომელიც შეთანხმდა GWP-სთან, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით დაიწყო კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.
ამ ეტაპზე შეთანხმებული პროექტის მიხედვით, სამსახურმა უკვე დაიწყო შემავსებელი სისტემის მოწყობითი სამუშაოები, რომელიც უნდა დაერთდეს წყალგამტარ გვირაბზე. ეს სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოსთვის დამთავრებული იქნება და დაიწყება შევსებითი სამუშაოები“, — თქვა კახა კალაძემ.
მერის განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ტბის წყლით შევსება ალტერნატიული გზებით მოხდება, როგორიცაა ახლომდებარე ფერდობებიდან ჩამოდენილი ატმოსფერული ნალექი და შესაბამისი სისტემის მოწყობა ამ ნალექის ტბაში ჩასადინებლად.
„გლდანის თეთრი ტბა ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობაშია, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში მოხდა წყლის დონის სწრაფი კლება და ტბის დაჭაობება. შეიქმნა სამედიცინო რისკები ნაპირთან უშუალო სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომელთაც აგრეთვე ტბიდან წამოსული სიმყრალეც აწუხებთ. ეს ტბა ტექტონიკური წარმოშობისაა, ანუ ბუნების საჩუქარია. ტბა სიბერის სტადიაშია, ამიტომ გაკეთებული იყო არხი, რომლითაც ტბა საზრდოობდა. ახლა ეს არხი გადაკეტილია, და ჩვენთვის უცნობია, რომელმა უწყებამ გასცა წყლის გადაკეტვის განკარგულება. დღეს ტბის ადგილზე ჭაობია. ეს არის დანაშაული ბუნებისა და ადამიანების წინაშე“, — წერია პეტიციაში, რომლის ადრესატიც 2023 წელს თბილისის მერია იყო.
პეტიციის მოთხოვნები მოიცავდა აგრეთვე სამართლებრივ რეაგირებას ტბის შემავსებელი არხის გადაკეტვაზე.
ბოლო წლებში აქ მიწის ნაკვეთები გაიყიდა და გაიცა ნებართვები კერძო სახლების ასაშენებლად.
კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ გლდანის VIII მიკრო-რაიონის ტერიტორიაზე დაწყებულია რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტზე მუშაობა, რაც 10 000 კვ.მ.-ზე ითვალისწინებს პარკის გაკეთებას, გამწვანებით, საფეხმავლო ბილიკებით, საბავშვო და სპორტული მოედნებით და სხვა. სამუშაოების პირველი ეტაპი, როგორც კალაძე ჰპირდება მოსახლეობას, მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება, მეორე ეტაპი კი — 2025 წლის ივნისში. პროექტზე 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა