კალასი ფორმულას ჟურნალისტების დაკავებაზე: ამ ზომებით საქართველო EU-ის წევრი ვერ გახდება

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა “ოცნების” პოლიციის მიერ ფორმულას 2 ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოში “სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ჟურნალისტებისთვის სივრცე ნამდვილად სულ უფრო მცირდება.”
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზომები საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი ნაწილის მიმართ, სრულიად ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონებსა და პრინციპებს.
კალასმა ასევე დაამატა, რომ ამგვარი ზომებით “შეუძლებელია” საქართველო გაერთიანების ნაწილი გახდეს.
“ეს არის ის საკითხები, რომელიც წამოჭრეს მინისტრებმა დღეს. სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ჟურნალისტებისთვის სივრცე ნამდვილად სულ უფრო მცირდება. ზომები, რომელსაც საქართველოს მთავრობა იღებს, თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგდოებისა და დემონსტრანტების მიმართ, ეწინააღმდეგება ყველა კანონსა და პრინციპს, რომელსაც ვაფასებთ ევროკავშირში. საქართველო კანდიდატის სტატუსი აქვს, თუმცა ასეთი ზომებით შეუძლებელია, რომ ისინი გაერთიანების წევრები გახდნენ. რადგან რაც საქართველოში ხდება, სრულიად სხვა მიმართულებაა იმისგან, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს”, – განაცხადა კალასმა ფორმულას ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
ევროკავშირის უმაღლესმა წამომადგნლელმა ასევე დასძინა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანციების მიღება ამ დრომდე ვერ შეძლეს, რადგანაც აღნიშნულ ნაბიჯს ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო მხარს არ უჭერს.
“ჩვენ სანქციების სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში რამდენიმე სახის ზომა წამოვაყენეთ. მიუხედავად ამისა, ამ სანქციების მიღება ვერ ხერხდება, რადგანაც ყველა წევრი სახელმწიფო მათ მხარს არ უჭერს. რაც შეეხება ვიზებს, კომისია ვიზების შეჩერების მექანიზმს წლის ბოლომდე წარადგენს, ისევე როგორც, რეგულაციებს გარკვეული ჯგუფებისთვის. ეს ჩემი კომპეტენციაში არ შედის, ამიტომ ამ საკითხზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ”, – თქვა მან.