ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილისთვის შავის საღებავის შესხმის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა“, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, – აცხადებს შსს.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.
შემაჯამებელი ოქმისთვის ხელი არ მოუწერიათ ცესკოს ოპოზიციონერ წევრებს.
დღევანდელი სხდომა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. სხდომის დასაწყისში ცესკოს თავმჯდომარე გიოგი კალანდარიშვილს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ შავი სითხე შეასხა. ამის შემდეგ ცესკოს სხდომა შეწყდა.
სხდომის განახლების შემდეგ კალანდარიშვილი ახვეული თვალით დაბრუნდა და მისთვის შავი სითხის შესხმას პროვოკაცია უწოდა.
სხდომის პარალელურად, დილიდან აქცია მიმდინარეობს ცესკოს შენობასთან. ცესკოს შენობაში პოლიაა მობილიზებული.
დავით კირთაძის განცხადებით, გიორგი კალანდარიშვილს „ჩვეულებრივი შავი საღებავი შეასხა“.