“კაიფში” ვიყავი, მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს”- 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ავტორს, სოფიკო ყორიაულს მიმართა – „კაიფში“ ვიყავი, ელემენტარულზე დავიწყეთ. ალბათ, ჩხუბიც იყო, არ მახსოვს“.
როგორც სასამართლო პროცესზე ექსპერტმა განაცხადა, მას ცინდელიანმა უთხრა, რომ მკვლელობის დღეს, მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იღებდა თრობის სხვადასხვა საშუალებებს, როგორც ალკოჰოლს, ასევე ნარკოტიკს.
ექსპერტის განმარტებითვე, ბრალდებულს ახასიათებს აგრესიულობა, ზედაპირული ემოციები, ლიდერის პოზიცია სოციალურ გარემოში. საერთო ჯამში, სპეციალისტის თქმით, ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში ფიზიოლოგიურ აფექტში არ იმყოფებოდა.
მას პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ოთარ ცინდელიანის მიერ მიწოდებული ინფორმაცია წაუკითხა და ჰკითხა, ხომ ნამდვილად ასე განუცხადა მას ბრალდებულმა, რასაც, ექსპერტმა დადებითი პასუხი გასცა.
“კაიფში” ვიყავი, ფხიზელი არ ვიყავი, ღამე იყო, რაღაც ელემენტარულზე დავიწყეთ, მკვლელობა მოხდა, არ მახსოვს, გამთენიისას მოვედი გონს და ქალაქგარეთ ვიყავი, როგორ მოვკალი არ მახოვს, მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი, დანა ზუგდიდში არ მქონია, სისხლიანი ტანსაცმელი ნაგავში გადავაგდე, დანის ამოღება და დარტყმა არ მახსოვს”,- ეს სიტყვები ოთარ ცინდელიანს ეკუთვნის, რომელიც მან ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტს განუცხადა.
ცინდელიანს ახლა უვადო პატიმრობა ემუქრება. დაცვის მხარე მოითხოვს, მკვლელობისთვის დაკავებული ცინდელიანი ციხის ნაცვლად, ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნონ.
21 წლის ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. უმძიმესი დანაშაულისთვის პოლიციამ ოთარ ცინდელიანი დააკავა, რომელიც მოკლულის ნათლიის შვილია.
ქეთი ჯავახიშვილს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ასევე დაგაინტერესებთ