უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება და გრძელდება მის მიმართ ჩვენი მხარდაჭერაც, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
მისი თქმით, კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის სამსახურებს 6.5 მილიონი ევროს ღირებულების აღჭურვილობა გადასცა.
„სიხარულით გადავეცი უკრაინის სამსახურებს 6.5 მილიონი ევროს ღირებულების აღჭურვილობა. ეს მოიცავს დრონების ჩამკეტ სისტემებს, მიკროავტობუსებს და 4WD ავტომობილებს შორეულ და მიუწვდომელ ადგილებში მისასვლელად“, – წერს კალასი.
შეგახსენებთ, კაია კალასი გუშინ კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან „მნიშვნელოვანი საკითხები და გამოწვევები განიხილა, მათ შორის, ენერგეტიკის სფერო, რუსეთზე ზეწოლა, სანქციების მე-19 პაკეტი, გაყინული რუსული აქტივები, ევროკავშირისკენ უკრაინის გზა და თავდაცვის მხარდაჭერა“.
