„ქართული ოცნების“ თავდასხმა დემოკრატიაზე სულ უფრო მწვავდება. დღეს მინისტრებმა შეაფასეს სამოქალაქო საზოგადოებისთვის მხარდაჭერა, განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი – კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. ეს მოიცავს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმებასა და სანქციებს. საქართველოს დემოკრატიის უკუსვლას მაღალი ფასი ექნება”, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ, რომელიც 15 ივლისს ბრიუსელში გაიმართა.
იმავე ბრიფინგზე, საქართველოში გაგზავნილი წერილის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად კაია კალასმა განმარტა:
„რაც შეეხება თქვენი შეკითხვის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოში გაგზავნილ წერილს შეეხება: როგორც იცით, ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან 2017 წლიდან. ეს არის დიდი სარგებელი, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ქვეყნებს და შესაბამისად არის რეკომენდაციები, რომლებიც მიემართა საქართველოს ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშის ფარგლებში. აქ სრულად არ ამოვიკითხავ, მაგრამ მაგალითად მოვიყვან პუნქტს, რომელიც შეეხება საქართველოს მთავრობის ვალდებულებებს საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე – გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების ჩათვლით, პირადი ცხოვრების უფლებისა და საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ჩათვლით”.
კალასის განმარტებით, მან მხოლოდ ერთი პუნქტი დაასახელა იმ რვიდან, რომლებიც საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ წერილშია ჩამოთვლილი.
“ვინაიდან მათ დაუწესდათ ვადა აგვისტოს ბოლომდე ამ პუნქტების შესასრულებლად, დგება საკითხი – როგორი იქნება ჩვენი რეაგირება, თუკი ეს რეკომენდაციები არ შესრულდება. და როცა გვესმის, რომ, მაგალითად, ოპოზიციის 8-დან 7 ლიდერი ციხეში ჩასვეს, ეს ნამდვილად არ შეესაბამება პირველ პუნქტს, რომელზეც აღვნიშნე”.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ჯერაც ინარჩუნებს პოზიციას, რომ არ დააზიანოს საქართველოს ხალხის ინტერესები:
“ამ დრომდე გვაქვს პოზიცია, რომ არ გვსურს საქართველოს ხალხის დაზიანება და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წართმევა, რაც მათზე ზეგავლენას მოახდენს. თუმცა ამავდროულად საქმე ეხება ევროკავშირის სანდოობის საკითხს. თუკი ჩვენ ამას ვითხოვთ, ესე იგი ეს არის სარგებელი, ბონუსი, რომელიც ამ ქვეყანას მივეცით და თუკი ისინი არ ასრულებენ პირობებს, მაშინ ამას მოჰყვება შედეგები იმისთვის, რომ საზოგადოებამ აგრეთვე დაინახოს, რომ მთავრობა არ ადგას ევროპულ გზას და სერიოზულად არ უდგება კანდიდატის სტატუსს”.
ფორუმი
