ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ომთან დაკავშირებით სიტუაცია უიმედო არ არის.
„ეს არის გამოფიტვის ომი. უიმედო მდგომარეობა არ არის, მაგრამ ამას დიდი დრო სჭირდება“, – აღნიშნა კალასმა.
მისი თქმით, ასეთ ომში სამი ძირითადი ელემენტია: ხალხი, რესურსები და საბრძოლო სულისკვეთება.
„რუსეთი ფიქრობს, რომ მას შეუძლია უკრაინაზე მეტხანს გაუძლოს, მაგრამ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას უფრო მეტხანს გაუძლოს ვიდრე რუსეთმა”, – განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები უკრაინელ სამხედროებს წვრთნიან.
„ევროპა ამზადებს 30-40 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს. თუ ამერიკაც ამდენივეს წვრთნის, მაშინ ეს არის 80 000 გაწვრთნილი ჯარისკაცი ახალწვეულების წინააღმდეგ, რომლებიც ომში რუსეთიდან მიდიან. ამიტომ, ხალხის თვალსაზრისით, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უფრო გამძლე, ვიდრე რუსეთი“, – აღნიშნა კალასმა.
რესურსებზე საუბრისას ესტონეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტი შვიდჯერ აღემატება რუსეთის მშპ-ს. მისივე თქმით, რუსეთის ბიუჯეტზე სანქციებიც მოქმედებს.
რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, კალასმა ხაზი გაუსვა, რომ ე.წ. „რამშტაინის კოალიციის“ თავდაცვის ბიუჯეტი 13-ჯერ აღემატება რუსეთისას”. ამასთან, ესტონეთის პრემიერის თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინელებს რუსებზე უფრო მაღალი საბრძოლო სულისკვეთება აქვთ.
„ისღა დაგვრჩენია, რომ უკრაინელების გამარჯვების გვჯეროდეს“, – აღნიშნა კალასმა.