ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირმა იცის, რა უნდა გააკეთოს, თუ უკრაინის გაწევრიანებაზე უნგრეთის ვეტოს დაძლევა არ მოხდება.
„ჩვენ გვაქვს გეგმა B და გეგმა C. თუმცა, ჩვენი ყურადღება A გეგმაზეა გამახვილებული, რაც ყველას მხარდაჭერის მოპოვებას გულისხმობს“, – განაცხადა კალასმა და დასძინა, რომ ევროკავშირი უნგრეთთან ვეტოს მოხსნის შესახებ დიალოგს აწარმოებს.
„უკრაინას თავისი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი და ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს თავისი საშინაო დავალება. ჩვენ უნგრეთის მთავრობასთან ვთანამშრომლობთ“, – აღნიშნა კალასმა.
ამასთან, მისი თქმით, თუ კომპრომისი ვერ მოიძებნა, ევროკავშირი მზადაა იმოქმედოს.
„თუ ეს არ გამოვა, ჩვენ უკვე ვმუშაობთ B გეგმაზე, მაგრამ არ გავამხელ. ჩვენ ჯერ კიდევ პროცესში ვართ. გაწევრიანების პროცესი, ან როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ, გაერთიანების პროცესი, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც“, – განაცხადა კალასმა.
